თემურ გუგეშაშვილი და მისი ოჯახი ონში აგროტურიზმს მისდევს. მათ ეზო-კარს ტურისტები მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ, ვისთვისაც გუგეშაშვილები, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ელჩებიც კი არიან.
ბატონი თემური ხეზე მხატვრული კვეთის ოსტატია, ონის სამხატვრო სკოლაში ასწავლის. სკოლაში, რომლის ხელმძღვანელიც მისი მეუღლე, ქალბატონი ელენეა…
ამ ოჯახის გასაოცარ და ეთნოგრაფიულად მდიდარ ეზო-კარზე ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ამჯერად მხოლოდ მათ უგონიერეს ოთხფეხა მეგობარ “ბომბორაზე“ შევჩერდებით. მსგავსი ჭკვიანი ცუგა მართლა იშვიათია. ოჯახს ადამიანივით უდგას გვერდით, უამრავ საქმეში ეხმარება. ამ გამორჩეული თვისებების გამო მას როგორც ქართველები, ისე უცხოელი ტურისტებიც კარგად იცნობენ, რადგან კეთილი “ბობოს“ ამაგი ბევრს ახსოვს… თემურ გუგეშაშვილი “AMBEBI.GE“-ს ახლა მის საოცარ ისტორიებს უამბობს.
– ლეკვი იყო, თან, ძალიან სუსტი, რომ მაჩუქეს. შერეული ჯიშია – მამა “ავჩარკა“ ჰყავდა, დედა – “რაჭველი“ (იცინის)… მას მერე 10 წელი გავიდა. დაბადების დღე სწორედ, 3 კვირის წინ ჰქონდა. ჩემმა მეუღლემ ძეხვის ტორტი გაუკეთა.
– საოცარი უნარები ჰქონია, ქცევებით ყველას აოცებს. ასე როგორ გაწვრთენით?
– ვცდილობდი, მისთვის თავიდანვე რაღაცები მესწავლებინა. მინდოდა, გაეგო, მისგან რას მოვითხოვდი.
– რა გინდოდათ, რომ გაეკეთებინა?
– მაგალითად, სახლში რომ შემოვიდოდა, კარი დაეხურა. ამას ვეუბნებოდი და ვაჩვენებდი კიდეც, როგორ უნდა გაეკეთებინა. ახლა შემოდის თუ არა, კარს ხურავს. თუ დაავიწყდა, ვსაყვედურობ – რატომ არ დახურე-მეთქი? გარბის და ხურავს…
ნაგვის გადაყრას ვერ დაასწრებ – ვედრო ამან უნდა წააცუნცულოს ბუნკერთან და დადოს. იმ დროს როცა მიდის, თუ ვინმემ დაინახა და ყურადღება მიაქცია, იპრანჭება. სულ პრანჭვა-გრეხით მიძუნძულებს. ძალიან სასაცილო საყურებელია…
ზამთარში ოთახში შეშა შემოაქვს…
ბატები კვერცხებს რომ დებენ, მალავენ, ჰოდა, ადრე დავდიოდი და დავეძებდი ხოლმე. “ბობო“ მეხმარებოდა, პოულობდა და ჩემთან მოჰქონდა…
ერთხელ ავარიაშიც მოყვა, მანქანა დაეჯახა და დაზიანდა. ექიმმა წამლები დაუნიშნა, ნემსებს ვუკეთებდი. საერთოდ, ძაღლებს ნემსები არ უყვართ, როცა საჭიროების შემთხვევაში უკეთებენ, იმალებიან, ან გარბიან. ამას რომ დავუძახებდი, – ნემსის გაკეთების დროა, ამოდი-მეთქი, ოთახში ამოვიდოდა, დაწვებოდა და ამით მანიშნებდა, გამიკეთეო…
– მგონი, ლაპარაკის გარდა ყველაფერს აკეთებს…
– კი, ასეა… საოჯახო სასტუმრო გვაქვს, სტუმრები მთაში რომ მიდიან, კალათით საჭმელს ვატანთ ხოლმე. როცა ბრუნდებიან, კალთს მზარეულთან ტოვებენ. ერთ-ერთმა ტურისტმა არ შემოიტანა და ეზოში დატოვა. ეს მივიდა, დააჩერდა კალათს, გარშემო დიდხანს უტრიალა, ბოლოს აიღო და მზარეულს მიუცუნცულა.
ისე კი არ არის, რომ მხოლოდ ბრძანებას მისცემ და ასრულებს, თავისითაც ბევრ რამეს აკეთებს, თვითონ მოიფიქრებს ხოლმე.
ეზოში მანქანით არ შემოვდივარ, ვიწრო გასასვლელია, მაგრამ ერთხელაც ამის საჭიროება იყო, რაღაც უნდა წამეღო. მოკლედ, წინ პლასტმასის 20-იანი დამხვდა, ვიფიქრე, – ახლა მანქანა უნდა გავაჩერო, ჩამოვიდე, ავიღო ეს ჭურჭელი, სიმართლე გითხრათ, დამეზარა. რადგან “ბობო“ მომყვებოდა, სხვლა შევანელე და ვუთხარი – ჩამოსვლა მეზარება და ის 20-იანი მომაცილე-მეთქი. კბილებით ჩააფრინდა და სხვა ადგილას გადაიტანა – გზიდან მომაცილა.
– ადამიანივით გვერდით გიდგათ…
– კი… ერთხელაც რას ვხედავ, – 15 ქათამი უკანა ეზოში ყელგამოჭრილი ყრია – კვერნას დაუხოცავს. ეს რა არის “ბობო“? რას მიკეთებ-მეთქი? დაღონდა, თავი დახარა. მერე დაბალ ღობეზე გადახტა და ტყისკენ გაიქცა. ვინერვიულე – სად წავიდა-მეთქი? 2 საათის შემდეგ ფანჯრიდან გავიხედე და რას ვხედავ, – მკვდარი კვერნა უდევს მიწაზე, ზედ თათი დაუდევს და დასცქერის…
მაგის დასანახად ქათამს ვერ დავკლავ, დაინახავს, თუ არა, ოთახში შერბის, აღარ გამოდის ან თავლებზე თათებს აიფარებს. ამიტომ როცა ქათამს ვკლავ, “ბობოს“ ვაბამ, რომ არ დაინახოს, თორემ საშინელი გაბუტვა იცის.
– ვინმეს მასზე ფილმის გადაღება ხომ არ უფიქრი?
– რაღაც ეპიზოდები არის გადაღებული, მაგალითად, მარნიდან ღვინო რომ მოაქვს და ასეთები… ფილმი არავის გადაუღია…
სტუმარი რომ მოდის და პარკი ან ჩანთა მოაქვს, ჩამოართმევს და მიაცუნცულებს იქ, სადაც სტუმარი უნდა შევიდეს. მიტანაში ეხმარება. უხარია, თუ ვინმე დაასაქმებს. თუ ყურადღება არ მიაქციეს, ძალიან სწყინს.
– წერილები დააქვს სახლიდან სამხატვრო სკოლაშიო, მართალია?
– “ფოსტალიონია,“ კი… რაღაცას რომ ვაკეთებ და იქვე რაიმე იარაღი არ აღმოჩნდება, მეუღლეს ვურეკავ, – “ბობოს“ ვაგზავნი და გამოატანე-მეთქი – ვეუბნები. ესეც მიდის და მოაქვს. მეუღლეც ასევე აგზავნის ჩემთან, თუ რაიმე უნდა, რომ მიუტანოს…
– ძაღლი რომ ასეთია, თქვენი დამსახურებაა. როგორც იტყვიან – ძაღლი პატრონს ჰგავსო… მგონი, რაღაც განსაკუთრებული გაწვრთნის მეთოდი აღმოგაჩნდათ…
– პატარა, ხომ გეუბნებით, ძალიან საწყალი იყო. ვინც მაჩუქა, 2 კვირის მერე რომ დამირეკა და მოიკითხა, გაუკვირდა, რომ ვუთხარი ცოცხალია-მეთქი.
მოკლედ, “ბობოსთან“ ბევრი ვიმუშავე… ვხუმრობ ხოლმე, – პედაგოგიური იმიტომ დავამთავრე, რომ ამან გამიმართლა-მეთქი…
– მასთან ერთად, უამრავი წარმატებული მოსწავლის პედაგოგიც ხართ, რომლებსაც სკოლაში ხის მხატვრული დამუშავებას ასწავლით და ისინიც გიმართლებენ…
– კი, მოსწავლეებიც კარგები არიან და ეს სასიხარულოა მართლა.
alia.ge