“მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს საერთო სასამართლოების კანონში შესატან ცვლილებებს, ვინაიდან ის მნიშვნელოვნად ზღუდავს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და აუქმებს რეფორმის ოთხი ტალღის შედეგებს“, – ამის შესახებ დემოკრატიული ინდექსი საქართველოს განცხადებაშია საუბარი.
ორგანიზაცია წერს, რომ კანონპროექტიინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიებს მნიშვნელოვნად ამცირებს, ამასთან, ზრდის სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის მიერ მოსამართლეებთან დაკავშირებით თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების საფრთხეს.
კერძოდ, პრობლემურ საკითხებს შორის არის: კანონპროექტით ბრუნდება 2012 წლამდე არსებული მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესი, რომელიც ურჩი მოსამართლეების დასასჯელად ფართოდ იყო გამოყენებული. სასამართლო რეფორმის ე.წ. “პირველი ტალღის” ფარგლებში განხორციელებული ცვლილებებით, კანონში მნიშვნელოვანი გარანტიები განისაზღვრა იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლის თანხმობის გარეშე მივლინების თვითნებურად გამოყენების წინააღმდეგ, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება. შედეგად, მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ე.წ. “კლანს” ეძლევა ბერკეტი კვლავ გამოიყენოს მოსამართლეთა “გაციმბირების” წესი, ყოველგვარი საკანონმდებლო შეზღუდვების გარეშე, მათთვის არასასურველი მოსამართლეების მიმართ.
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება და ვეტოდაადოს ხელმოსაწერად წარდგენილ კანონპროექტს, – ნათქვამია განცხადებაში.