ოზურგეთის მერმა დღეს მისი ორი მოადგილე ოფიციალურად წარადგინა. როგორც ავთანდილ თალაკვაძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდიდან ვიგებთ, ნათია გოლიაძე და ნიკა ბოლქვაძე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს უხელმძღვანელებენ და როგორც განცხადებაში წერია, ორივე მათგანს კერძო სექტორში ჰქონია პოზიტიური გამოცდილება და რაც მთავარია, “ქართული ოცნების” გამარჯვებაში შეუტანიათ თავისი წვლილი :
“მერიის გუნდს კიდევ ორი პროფესიონალი შემოუერთდა. საკადრო გადაწყვეტილება მივიღე და თანამშრომლებს მერის მოადგილის ორ ვაკანტურ პოზიციაზე ნათია გოლიაძე და ნიკა ბოლქვაძე წარვუდგინე. ნათია გოლიაძე ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო, ნიკა ბოლქვაძე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას გაუწევს კურირებას. ნათიას და ნიკას კერძო სექტორში მუშაობის პოზიტიური გამოცდილება გააჩნიათ, იცნობენ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს, აქტიური კომუნიკაცია აქვთ საზოგადოებასთან და ჩვენი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო კამპანიასა და გამარჯვებაში საკუთარი წვლილი აქვთ შეტანილი.”-წერია განცხადებაში.