გურია გამოირჩევა ფოლკლორული ნიმუშების მრავალფეროვნებით. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გურულ სიმღერას. ყველგან, ყოველ დროს და ყოველგვარ პირობებში, გურული ცდილობდა, სიამოვნება ენახა და შრომა გაეადვილებინა, მწუხარება შეემსუბუქებინა.
გურული სიმღერა, რომელიც შეხამებული, მისადაგებული და შეხმატკბილებული იყო შრომა-გარჯილობასთან, მას უფრო ნაყოფიერსა და ბარაქიანს ხდიდა, შინაარსსა და ხალისს აძლევდა. იგი ზარმაცს აბეჯითებდა, დაღლილს ამხნევებდა, სულიერ და ფიზიკურ ძალებს მატებდა.
გურიაში ტრადიციული ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის გარდა მღეროდნენ ოთხხმიან სიმღერა „ნადურსაც“. ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია. კრიმანჭული გაგრეხილ, დამანჭულ კრინს ნიშნავს. კრინი მამაკაცის ყველაზე მაღალი ხმაა. კრინს ევროპაში ფალტეცი, კრიმანჭულს კი იოდლი შეესაბამება. ხალხური გადმოცემით, ამ ხმის არსებობას ბავშვებს უნდა ვუმადლოდეთ: თითქოსადა შებინდებისას უდაბურ ადგილას მარტო წასული ბავშვები თავის გასამხნევებლად და ავსულების დასაფრთხობად ასეთ ხმებს გამოსცემდნენ. კრიმანჭულს სამეგრელოსა და იმერეთშიც მღერიან. ანზორ ერქომაიშვილი მას მერცხლების ფრენას ადარებდა.