საქართველოს საგარეო უწყება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ საელჩო კიევში და საკონსულოები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
„საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან.
უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.
უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17 ამასთან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო.