გრიგოლ რობაქიძე წერს: „ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე – გაშლილი სინთეზია. მოქნილი მთები ბახმაროსაკენ თანდათან ზვიადობით ამართული: თვალუწვდენელი ჭალანი, სამეგრელოსაკენ ძლევამოსილებით გაფენილი. მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდინარი მუქი ზურმუხტი”.
ამდენად, გურია ის კუთხეა, სადაც შეძლებთ დასვენებას ზღვის სასიამოვნო სანაპიროზე, ასევე მთაში, სადაც ნისლი, მზე, ნაძვნარი და ყვავილები ულამაზეს პეიზაჟებს ქმნის.
ბახმარო წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულებს, რომელიც გარშემორტყმულია აღმოსავლური ნაძვის, სოჭის და კავკასიური ფიჭვის მარადმწვანე ტყის კორომებისაგან.
არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც კურორტის სახელი ულამაზეს თავადს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით ნაწერი: “ბახ მარო”, რაც ქართულად ნიშნავს – “ნახეთ თქვენი მარო”.
დღეისათვის ბახმარო გურიის რეგიონის დიდ სიმდიდრეს წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა თავის ფლორით და ფაუნით. ის ნისლებისა და ღრუბლების სამეფოა, რაც ყველაზე მეტად იზიდავს ვიზიტორებს.
საკურორტო სეზონი ბახმაროში ივნისში იხსნება და აგვისტომდე გრძელდება.
ბახმაროში ჩასულ სტუმრებს წინ გელოდებათ დოღი, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ტარდება.
“სიტყვა ბახმარო და ურთიერთობა ჩემთვის პირდაპირპროპორციულია. მახსოვს ბავშვობიდან შემაყვარა დედამ ეს სამოთხე. ყოველ ზაფხულს აქ ვიყავით, თან ვისვენებდით, თან ორგანიზმს ვიკაჟებდით შემდგომი ცივი და სუსხიანი ზამთრისთვის. ალბათ ყველამ იცის მისი სამკურნალო თვისებების შესახებ, და ისიც გვსმენია, რომ 21 დღეს თუ აქ დარჩები ყველა სარგებელს მოუტანდი შენს ორგანიზმს, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი სხეულისთვის და ჯანსაღი სულისთვის.
მთების მდუმარება და მდინარე ბახვის გუგუნი ისე ერწყმის ერთმანეთს, საოცარ დუოს ქმნის და აქ ყოფნას სამოთხესთან აიგივებს, ეს ჩემი პირადი აზრია. ხის კოტეჯები, რომლებიც არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია, მაინც დაუვიწყარ მოგონებებს გვიტოვებს და სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის დისკომფორტს საერთოდაც არ წარმოადგენს.
კოცონი, ძველი და ახალი მეგობრები, გიტარა, სიმღერა, ჭიქა ადესა და ნამდვილ ნირვანაში გადაეშვები უმალ.
ვიმედოვნებ, მალე ის ფუფუნებაც მქონდეს იქ სახლიც დავდგა და ნებისმიერ დროს წავიდე, როცა ამის დრო და საშუალება მექნება”, – აღნიშნა დამსვენებელმა ნინუცა ქურიძემ.
თავისი შთაბეჭდილება გაგვიზიარა ასევე ქეთი ცოცხალაიშვილმა, რომელიც ხშირად სტუმრობს ბახმაროს:
„ბახმარო ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია. ყოველთვის სიხარულით ვივსები, როცა იქ მივდივარ. ბახმაროში არის ყველაფერი, რაც ადამიამს ნებისმიერ ასაკში სჭირდება. იქაური ჰაერი ყველაფერს ჯობია, ყოველი ჩასუნთქვის დროს გრძნობ, როგორ იწმინდება მთელი ორგანიზმი.
იქ ყოველი ასვლის დროს ახალ ადგილებს ვნახულობთ მეგობრები და ყოველ ჯერზე გაოცებული ვრჩებით მისი სილამაზით და მრავალფეროვნებით.
ასევე რაც აუცილებლად უნდა ითქვას, ბახმაროში უამრავი ახალი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც უზომოდ კარგ დროს ვატარებ და ერთად ვქმნით ბევრ ლამაზ მოგონებებს რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში“, – აღნიშნა ქეთევან ცოცხალაიშვილმა.
ამდენად, ბახმაროში სტუმრობით დატკბებით ხედით სადაც “ცა და მიწა ერთდება”, საიდანაც დამსვენებლები მზის ამოსვლასა და ჩასვლას აკვირდებიან. ბახმაროს ბუნების სილამაზის აღბეჭდვა სრულად ფოტოზე შეუძლებელია, ამიტომ ეს ყველაფერი თქვენი თვალით უნდა იხილოთ.
სტატიის ავტორები : მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე
ფოტოები – ფეისბუქ გვერდი ბახმარო