6.2 მაგნიტუდის მიწისძვრას, რომელიც სოფელ სამებასთან დაახლოებით 9 კილომეტრში მოხდა, მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია – აღნიშნული ტერიტორია სეისმურად აქტიური ზონაა და იყო მოსალოდნელი, რომ ბიძგები განმეორდებოდა. დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილმა კი ღამე ქუჩაში ავტომობილებში და ნათესავებთან გაათენა. მთელი ღამის განმავლობაში საგრძნობი მიწისქვეშა ბიძგები კიდევ 6-7-ჯერ განმეორდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე ქვემო ქართლში, სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებითვე დაფიქსირდა შემდგომი ბიძგებიც, რომელიც ნაკლები სიმძლავრის იყო და 3,1-დან 4,5-მდე მერყეობდა, თანამიმდევრობა კი შემდეგნირია:
4,5 მაგდნიტუდა, 22:28 საათი, ქალაქი დმანისი, სამხრეთ-დასავლეთი – 26კმ. სოფელი სამება – 8კმ; 3,5 მაგნიტუდა, 22:30 საათი, სამცხე-ჯავახეთი; 4,1 მაგნიტუდა, 22:35 საათი, ქალაქი დმანისი – სამხრეთ-დასავლეთი – 25კმ. სოფელი სამება – 10კმ.; 3,1 მაგნიტუდა, 22:37 საათი, ქალაქი ნინოწმინდა – აღმოსავლეთი – 23კმ. სოფელი სამება – 9კმ.; 3,1 მაგნიტუდა, 00:14 საათი, სომხეთი. საქართველოს საზღვრიდან – 0კმ.; 3,5 მაგნიტუდა, 03:35 საათი, ქალაქი ნინოწმინდა – აღმოსავლეთი – 25კმ. სოფელი სამება – 7კმ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ კვირას საღამოს მომხდარი 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა სეისმოლოგებმა ძლიერი მიწისძვრების კატეგორიაში შეიყვანეს. იგი დასძენს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში მსგავსი ტიპის მიწისძვრა დაფიქსირდეს, თუმცა, პატარა შანსი მაინც არის.
„ეპიცენტრი სოფლიდანაც დაახლოებით 9 კილომეტრში სომხეთ-საქართველოს საზღვართან დმანისის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს შორის იყო. გეოგრაფიულად ეს ადგილი უფრო ჯავახეთია. საქართველოში ასეთი მიწისძვრები იშვიათად ხდება და ეს ძლიერების კატეგორიაში გაგვყავს, თუმცა, ჯავახეთის რეგიონი სეისმურად ძალიან აქტიურია და ამის ფონზე, სეისმოლოგებისთვის არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.
„ნებისმიერ ძლიერ მიწისძვრას ე.წ. აფთერ შოკები მოსდევს ხოლმე, თუ ყველაფერს ჩავთვლით, ამ მიწისძვრასაც რამდენიმე ათეული ბიძგი მოჰყვა, მაგრამ მათ შორის 6-7 იყო ისეთი, როემლსაც იგრძნობდნენ კიდეც” – განაცხადა სეისმოლოგმა.
კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა კიდევ მიწისძვრები და რომელი პერიოდია უფრო საშიში – ჯავახიშვილმა გვითხრა, რომ – „მიწისძვრებისთვის ასეთი პერიოდების მითითება შეუძლებელია. უფრო ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანებში ასეთი მიწისძვრა განმეორდეს, თუმცა, ამის პატარა შანსი არის. უფრო ისაა მოსალოდნელი, რომ მცირე ბიძგები მოხდეს.
„მიწისძვრების აქტიური პერიოდები არ არსებობს, ასეთი მიწისძვრები ძალიან უწესრიგოდ და შემთხვევით ხდება ხოლმე,” – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ ჯავახიშვილმა.
თავად დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი აცხადებს , რომ მიწისძვრის ბიძგების შედეგად მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, თუმცა, მსხვერპლი არ მოჰყოლია. რამდენიმე სოფელში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა, თუმცა, დროულად აღდგა.
„მიწისძვრის ბიძგების შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის კედელი, ნგრევას მსხვერპლი არ მოყოლია. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„ადგილზე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება.
„დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ჯავახში, ტნუსში, ბოსლებში, ვარდისუბანში, დიდ დმანისში, მაშავერაში, პატარა დმანისში, აზკაკლიანში, საფარლოსა და კამიშლოში მოსახლეობას დროებით შეუწყდა ელექრო-ენერგიის მიწოდება, შეფერხება დროულად აღმოიფხვრა” – წერს მურადაშვილი ფეისბუქზე.
როგორც მოსახლეობა ამბობს, მიწისვრა თითქმის იგივე სიძლიერის იყო ეპიცენტრიდან დაახლოებით 30 კილომენტშიც. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის ერთ-ერთი მკვიდრი აცხადებს, რომ ღამე მან და მისმა ოჯახმა ბიძგების განმეორების შიშით საუბარში გაათენა.
„ასეთი სიძლიერის მიწისძვრა დიდი ხანია არ ყოფილა, სეისმურად აქტიურ ზონაში ვართ და ხშირად არის ხოლმე საგრძნობი ბიძგები, რის შედეგადაც სახლების კედლები დაბზარულიც კია, ჩვენი სოფელი ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა, თუმცა აქაც ძლიერი ბიძგები იყო, ღამე ოჯახი ფხიზლად ვიყავით, არ დაგვიძინია და საუბარში გავათენეთ,”- განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის მკვიდრმა.
რეზონანსი