ყველა დროის საზოგადოებას, არქაულიდან დღემდე, გარკვეული ზნეობრივი ნორმები ახასიათებდა და ახასიათებს. ქცევის წესების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სწორი და არასწორი წარმოდგენებისა და იდეების სისტემას, თაობიდან თაობას გადაეცემა.
მეცნიერები, შუა საუკუნეების ქართველი გლეხის წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების აღსადგენად XIX საუკუნესა და XX საუკუნის პირველ ნახევარში ხალხში მოძიებულ ჩანაწერებს ეყრდნობოდნენ. მთელი რიგი ტრადიციები, რომლებსაც ეთნოლოგები იწერდნენ და აღწერდნენ, შუა საუკუნეებში იყო წარმოქმნილი. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ტრადიციები და ჩვეულებები ცვლილებებსაც განიცდიდა.
ხალხში შემონახული წეს-ჩვეულებების დახასიათება XIX საუკუნის გამოჩენილმა ქართველებმა ითავეს. სათავეში ილია ჭავჭავაძე იდგა, რომელიც ამა თუ იმ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარიდან გამოსულ განათლებულ ქართველებს ავალებდა ხალხში დამკვიდრებული ტრადიციების შეკრებასა და ჩაწერას. ვაჟა-ფშაველაც იწერდა ყველანაირ ფშავ-ხევსურულ წეს-ჩვეულებას და მაშინდელ პრესაში აქვეყნებდა.
1. სუფრასთან მოქცევის წესები
ქართველებს რომ კარგი სმა-ჭამა და ქეიფი უყვართ, ყველამ იცის, მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა ჩვენი ტრადიცია. პირიქით, სინამდვილეში, ქართული ტრადიცია განუსაზღვრელ ჭამა-სმას გმობდა. ადამიანს მხოლოდ იმდენი უნდა დაელია, რამდენსაც იტანდა და სუფრიდან ისე უნდა ამდგარიყო, რომ ფეხი არ არეოდა. თუ ვინმე დათვრებოდა, მას ყოველთვის მასხრად იგდებდნენ. ქართული სუფრის ტრადიცია, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა სადღეგრძელო, სიმღერა, ცეკვა, ლექსი, აგრეთვე სუფრაზე რამდენიმე სასმისის არსებობა (ჩამოტარება), სიმთვრალეს გამორიცხავდა. ასევე, დაუშვებელი იყო დაძალების წესიც. XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი წერდა: „ერთ-ერთი ქართველი მარწმუნებდა, ათას კაცზე ერთი ლოთი თუ შეგხვდება, ისიც ნაცემი და სასაცილოდ აგდებული არისო. კახეთში ბევრ ღვინოს აყენებენ, ბევრსაც სვამენ, მაგრამ არ თვრებიან“.
2. ვარცხნილობა
ქართველებს ჩაცმა-დახურვისა და ვარცხნილობის წესებიც ჰქონდათ. ქალს თმა უნდა გაეზარდა და დაწნული ეტარებინა, ხოლო კაცს ყურს ზემოთ შეეჭრა. ერთმანეთისაგან განსხვავებული იყო გოგონასა და ქალის ვარცხნილობაც.
3. გლოვის ტრადიცია
ქართველებში გადამეტებული გლოვა თავიდანვე არ ყოფილა ტრადიცია და ის ზნედ ერთ დროს ქცეულა. ძალიან შეზღუდული იყო მიცვალებულის ტრაპეზი. ტრაპეზს უშლიდნენ მხოლოდ შორი სოფლიდან მოსულ ნათესავებს. სამი (შემდეგ კი შვიდი) შესანდობრის შემდეგ მალევე წამოიშლებოდნენ. ზნეობრივი ნორმა იყო ისიც, რომ შესანდობრის შემდეგ სასმისი ბოლომდე არ უნდა დაეცალათ. სამეგრელოში გადამეტებული გლოვის შესახებ ჟან შარდენი მიუთითებდა: „ეს არის სასოწარკვეთილების გლოვა. თუ ქალს ქმარი ან ახლობელი მოუკვდა, შემოიხევს ტანსაცმელს, შიშვლდება წელამდე, იგლეჯს თმებს, ფრჩხილებით იკაწრავს სხეულს და სახეს, იცემს გულმკერდში, კივის, ღრიალებს, კბილებს აკრაჭუნებს, ცოფდება, შმაგდება და ბორგავს უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე მისული. მამაკაცებიც ასევე ბარბაროსულად ამჟღავნებენ თავიანთ მწუხარებას, იგლეჯენ ტანსაცმელს, იპარსავენ თმებს და მჯიღს იცემენ მკერდში“.
4. საზოგადოებაში მოქცევის კულტურა და წესები
საქართველოში ჯდომისა და დგომის გარკვეული ტრადიცია არსებობდა. მიუღებელი იყო ადამიანს ჯდომისას ფეხი ფეხზე გადაედო, ადგომისას დაბჯენოდა ან საზოგადოებაში ჯოხი მხარზე გადაედო. ასევე მიუღებელი იყო ჭამის დროს ლაპარაკი, ჯდომისას კედლისთვის ზურგით მიყუდება, თავის უკიდურესად დახრა, სკამზე სანახევროდ ჯდომა. „ცალს თეძოზედან არ დაჯდე, რად ეჭვ ძნელს მოსადებელსა. ცხვირის გამოკრკნა არ წაგცდეს, ნუ ეძებ კბილის საჩრჩნელსა“. წესი იყო ასევე ჩამოსართმევად გამოწვდილი ხელისთვის ორი ხელით ჩამორთმევა.
ძველად მიუღებელი იყო საზოგადოებაში გულხელდაკრეფილი ყოფნა, რადგან ასე მხოლოდ დამწუხრებულები დგებოდნენ.
5. სტუმრის პატივისცემა
ეთნოგრაფიული მონაცემებით წესი იყო, რომ საქართველოში სტუმარს ძილის წინ ოჯახის დიასახლისი ფეხს ბანდა. ეს ტრადიცია „კალმასობაშიცაა“ ასახული. როდესაც მეკალმასე იოანე ხელაშვილი სოფელ ნორიოში მასხარა ოთარიკას ოჯახში აღმოჩნდება, ეს უკანასკნელი მეუღლეს მიმართავს: „დედაკაცო, ფეხთ დაბანე იოანეს, რადგან რიგი არის სტუმართა“.
6. კოცნის ტრადიცია
ჯერ კიდევ სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, საქართველოში არ იყო ტრადიცია ყოველი შეხვედრის დროს კოცნისა, მით უმეტეს არ კოცნიდნენ ერთმანეთს მამაკაცები. პატივსაცემ პიროვნებებს, ასაკით უფროსებს მხარზე ეამბორებოდნენ. მამაკაცების მიერ ერთმანეთის კოცნა შეხვედრისა თუ ქეიფის დროს საბჭოთა პერიოდში დამკვიდრდა. ასაკით უფროს ადამიანებს ალბათ ახსოვთ, როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს კომუნისტური პარტიის „ბელადები“ პარტიულ შეკრებებზე და ურთიერთშეხვედრის დროს. ეს ჩვევა, მამაკაცების ერთმანეთის კოცნისა, მაშინ შემოვიდა ჩვენში. სხვათა შორის, საქართველოში სულ რაღაც სამი თაობის წინ მშობლების მიერ ბავშვებისა და შვილების კოცნაც კი არ იყო მიღებული. სხვათა შორის, მამაკაცების მიერ ტუჩებში ერთმანეთის კოცნა შუა საუკუნეების ევროპაში გაჩნდა, რაც თავდაპირველად სამშვიდობო ზრახვისა და პატივისცემის დამადასტურებელი იყო, დროთა განმავლობაში კი სიყვარულის ნიშნად იქცა.
7. სამძიმრიდან დაბრუნება
ქართლში ასეთი ტრადიცია არსებობდა: მიცვალებულიდან მომავალნი არავის ესალმებოდნენ და ისე იქცეოდნენ, თითქოს შემხვედრებს ვერც ხედავდნენ.
8. რძლისა და მამამთილის ურთიერთობა
საყოველთაოდ იყო გავრცელებული უმძრახობის წეს-ჩვეულება, რაც, პირველ ყოვლისა, ოჯახში ახლად შემოსული რძლისა და მამამთილის ურთიერთდამოკიდებულებას ეხებოდა. პირველი შვილის გაჩენამდე ისინი ერთმანეთს არც კი ეკონტაქტებოდნენ. იმერხევში ჩაწერილი ეთნოგრაფიული მონაცემებით, ოთახში თუ მამამთილი იმყოფებოდა, იქ მყოფი რძალი ზურგშექცევით ვერ გავიდოდა, აუცილებლად უკანსვლით ტოვებდა იქაურობას. საერთოდ, უმძრახობა თაობებს შორის დისტანცირებისა და გარკვეული პატივისცემის გამოხატულება გახლდათ. იმდროინდელ საზოგადოებას ამ „ქცევაზნის“ მოთხოვნილება ჰქონდა, რომელიც ჩვენთვის დღეს მიუღებელია.
9. ტუალეტთან დაკავშირებული ჩვეულება
ეთნოგრაფიული მასალებით ცნობილია, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ტუალეტში ან ტუალეტთან შემხვედრი ორი ადამიანი ერთმანეთს არ ესალმებოდა, უფრო მეტიც, სამეგრელოში დადასტურებული მასალებით, შვილებსა და შვილიშვილებს არასდროს არ უნახავთ, უფროსი თაობის წარმომადგენლები (ბებია და ბაბუა) როგორ ახერხებდნენ მათ დაუნახავად ტუალეტში შესვლას.
10. ქორწინება
ფეოდალური საზოგადოებისთვის კანონი იყო, რომ დიდებული დიდებულზე უნდა დაქორწინებულიყო, გლეხი – გლეხზე. მაგრამ, როგორც ირკვევა, დარღვევებიც ხდებოდა. სოციალურად დიფერენცირებული ფეოდალური საზოგადოების წარმომადგენლისთვის თუ მიუღებელი იყო დაბალი ფენის ადამიანზე დაქორწინება, ამას ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესია არ კრძალავდა. თავადი თუ გლეხის ქალზე ჯვარისწერას გადაწყვეტდა, ის ამ სურვილს დააკმაყოფილებდა.
წყარო : ambebi.ge