რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე განცხადებას ავრცელებს. უწყების მტკიცებით, სანქციები არაფექტური და კონტრპროდუქტიულია, რუსულ მხარეს კი ამაზე “ძლიერი პასუხი ექნება”.
“აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული სანქციების პაკეტი (უკვე ზედიზედ 101-ე), რომელიც გავლენას ახდენს ფინანსურ სექტორზე იმ პირთა სიის გაფართოებით, რომელთა მიმართ პერსონალური შეზღუდვებია დაწესებული, ემთხვევა ვაშინგტონის მუდმივ მცდელობებს, შეცვალოს რუსეთის კურსი.
მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის განვითარების შეფერხების მიზნით გაწეული ძალისხმევა აშკარად უშედეგო იყო, შეერთებული შტატები კვლავ რეფლექსურად იყენებს შემაკავებელ ინსტრუმენტებს, რომლებიც არაეფექტური და კონტრპროდუქტიულია ამერიკული ინტერესების თვალსაზრისით.
რუსეთმა დაამტკიცა, რომ სანქციების ყველა ხარჯით, შეუძლია ზიანის მინიმუმამდე შემცირება და კიდევ უფრო მეტიც, სანქციების ზეწოლას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ინტერესები.
ვაცხადებთ, რომ ამერიკულ საგარეო პოლიტიკის არსენალში, რომელიც ერთპოლუსიანი მსოფლიოს სტერეოტიპების ტყვეობაშია და აქვს მცდარი რწმენა, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს უფლება და შეუძლია, რომ მსოფლიოს საკუთარი წესები მოახვიოს თავს, არ არის სხვა საშუალებები გარდა შანტაჟის, დაშინებისა და მუქარებსა. რაც შეეხება მსოფლიო ძალებს, პირველ რიგში რუსეთსა და სხვა ძირითად საერთაშორისო მოთამაშეებსა, ეს არ მუშაობს. დაე, აშშ-ს ძახილებს მიყვნენ მისი სატელიტები და კლიენტები, რომლებმაც მთლიანად დაკარგეს დამოუკიდებლობა. ჩვენ კი ღია ვართ დიპლომატიის მიმართ, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებზე.
ეჭვგარეშეა – სანქციებზე იქნება ძლიერი პასუხი. არა აუცილებლად სიმეტრიული, მაგრამ გაზომილი და საგრძნობი ამერიკული მხარისთვის”.- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-მ ორ რუსულ ბანკს, რუსულ ელიტასა და სახელმწიფო ვალს სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, რუსული აგრესიის საპასუხოდ, აშშ-მ ქვეყნის მოქალაქეებს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ახალი ინვესტიციები და ვაჭრობა აუკრძალა.
ევროკავშირმა დაასანქცირა დუმის 351 დეპუტატი, 27 პირი და ორგანიზაცია. დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 5 რუსულ ბანკსა და 3 მილიარდერს. გერმანიამ კი შეაჩერა Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი. სანქციებს შეუერთდნენ კანადა, იაპონია და ავსტრალიაც.