“ჯერჯერობით უკრაინა ისე მაგრად დგას, ვერაფრით აიღეს და ამიერიდან, უფრო ვერ აიღებენ, რადგან მსოფლიო მიეხმარება… იმის იმედი გვქონდეს, რომ უკეთესობა იქნება. ჩვენ კარგზე ვიფიქროთ და კარგი იქნება… მაგალითად მე, ვლოცულობ. ისედაც სულ ვლოცულობ, ოღონდ გიჟივით კი არა, ნორმალურად და მჯერა, როცა რამეს გულით ვითხოვ, მისრულდება და ახლა ღმერთს ამას ვეხვეწები, რომ უკრაინა და მთელი მსოფლიო გადარჩეს!”, – აცხადებს “კვირის პალიტრასთან” მომღერალი ნანი ბრეგვაძე.
“საყოველთაო ტკივილია… რა დროს ომია, ღმერთო ჩემო, ვერაფრით წარმომედგინა! ვერ ვიფიქრებდი, თუ შეიძლებოდა ომი დაწყებულიყო… დღეს კიდევაც ვთქვი, ტელევიზიით რასაც ვხედავ, სინამდვილე კი არ მგონია, არამედ თითქოს დოკუმენტური ფილმია გადაღებული-მეთქი… მგონია კინოში ვზივარ და ამ საშინელებას ვუყურებ – ბავშვების, თავისუფალი მოქალაქეების, უდანაშაულო ხალხის გაჟლეტას… აღარც ვიცი, რა გითხრათ… მინდა, ჩემს ოფიციალურ გვერდზე დავდო პოსტი და უკრაინელებს ხმა მივაწვდინო, რომ როგორც მთელი საქართველო, მათ შორის მეც, სრულიად შეძრწუნებული ვარ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყველას აღფრთოვანება დაიმსახურა… მე მეგობრებს ვურეკავ უკრაინაში, მათ დღესაც ვესაუბრე და გაგიჟებულები არიან თავიანთ პრეზიდენტზე. თუმცა არ უკვირთ და ამბობენ, ასეც უნდა იყოს, აბა, სხვანაირად როგორო… ძალიან ვაჟკაცურად იქცევა, რამდენი შემოთავაზება ჰქონდა და ვეღარც უბედავენ, ქვეყანა დატოვოს… რადგან პრეზიდენტია, იმიტომ კი არ იქცევა ეგრე, ჩანს, რომ მანამდეც ასეთი იყო.
საოცარი მაგალითია ყველა ქვეყნის წარმომადგენლისთვის! დიახ, ასე უნდა დაიცვა შენი ქვეყანა!
რაც შეეხება რუსეთის აგრესიას, მე მასზე არავითარ შემთხვევაში არ ვილაპარაკებ ! არც ვიცი და ეს ჩემი საქმე არ არის, მე არ ვარ პოლიტიკოსი და შეიძლება ძალიანაც შევცდე. ამ კითხვას არასოდეს ვუპასუხებ! მე გაგიზიარეთ ჩემი განცდები რაც არის, რასაც დღეს ვხედავ უკრაინაში…
როგორც მოგახსენეთ, უკრაინაში ხშირად ვყოფილვარ, ხალხი ძალიან მიყვარს და მათ მეც ვუყვარვარ… კიდევ უფრო მეტად და გამორჩეულად უყვართ – ბუბა კიკაბიძე, ნინო ქათამაძე. ბუბა საერთოდ გმირია უკრაინელებისთვის. ბუბას ასეთი დიდ სიყვარული აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა კუთხეში. ადრე ხომ ხშირად დავდიოდით ერთად და სადაც ვყოფილვართ, წარმოუდგენელი ამბავი ხდება, იმდენად დიდ სიყვარულს გამოხატავენ. აქ კიდევ ზოგიერთები მიწასთან ასწორებენ რადგან განსხვავებული აზრი აქვს. ყველას აქვს თავის ხედვა, აზრის გამოხატვის უფლება!
ჯერჯერობით უკრაინა ისე მაგრად დგას, ვერაფრით აიღეს და ამიერიდან უფრო ვერ აიღებენ, რადგან მსოფლიო მიეხმარება. იმის იმედი გვქონდეს, რომ უკეთესობა იქნება. ჩვენ კარგზე ვიფიქროთ და კარგი იქნება… მე მაგალითად, ვლოცულობ. ისედაც სულ ვლოცულობ, ოღონდ გიჟივით კი არა, ნორმალურად და მჯერა, როცა რამეს გულით ვითხოვ, მისრულდება და ახლა ღმერთს ამას ვეხვეწები, რომ უკრაინა და მთელი მსოფლიო გადარჩეს!” – აცხადებს ნანი ბრეგვაძე.
კვირის პალიტრა