„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის 2024 წლის ნაცვლად დაუყოვნებლივ წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განახადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინოს. მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება”, — განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე გუშინ, 1-ელ მარტს აცხადებდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით შექმნილია „ემოციური აჟიოტაჟი“; მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უთხრეს, რომ ევროპული პერსპექტივის შეთავაზება „რელევანტურია უკრაინისთვის და არა — საქართველოსთვის და მოლდოვისთვის“.