“დივერსანტებს ზელენსკის შტაბის ლიკვიდაცია აქვთ დავალებული” – ბოლო ინფორმაცია ბრძოლების შესახებ

უკრაინაში ომის დაწყებიდან  მე-7  დღეს დიდი ქალაქები კვლავ უკრაინის კონტროლ ქვეშ რჩება. რუსი ოკუპანტები დედაქალაქ კიევის აღებას კვლავ ვერ ახერხებენ. გადამწყვეტი ბრძოლები კიევისა და ხარკოვის მისადგომებთან მიდის. სახმელეთო ბრძოლებს კვლავ უკრაინა იგებს. თუმცა საჰაერო სივრცეს რუსეთი თითქმის მთლიანად აკონტროლებს. 

ომის დაწყებიდან პირველად, უკრაინა შეტევაზე გადადის – განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთდა და ითქვა, რომ თუ აქამდე უკრაინის ჯარი თავდაცვის რეჟიმში იყო, ახლა გადამწყვეტ კონტრშეტევაზე გადადის.

ამ დრომდე მიმდინარეობს საჰაერო და საარტილერიო შეტევა ხარკოვზე, საოკუპაციო ძალები შევიდნენ ხერსონში, კიევი კი ისევ იბომბება. ლვოვში კი  პერიოდულად განგაშის სიგნალი, თუმცა, როდესაც განგაშის ხმა წყდება რიგითი მოქალაქეები საკუთარი ხელებით კამუფლირებულ ბადეებს ამზადებენ. უკრაინელი დევნილები საკუთარი ჯარისკაცების დასაცავ შესანიღბ ბადეებს საოცარი ხალისით აკეთებენ, მღერიან, ეცნობიან ნიუსებს და ცდილობენ ამაღლებული განწყობა შეინარჩუნონ.

უკრაინა ხერსონის დაცემას უარყოფს – ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ისაუბრა. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ოკუპანტებმა ქალაქი ხერსონი ვერ აიღეს. ქალაქების დასაცავად უკრაინულ ჯართან ერთად ჩართულია მოსახლეობაც.

ქალაქ ზაპოროჟიეს კი, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსული არმია მიადგა, თუმცა, ადგილობრივებმა ბარიკადები ააშენეს და თავადაც გამოვიდნენ ქუჩაში. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს ოკუპანტებს გაუმკლავდეს. მოქალაქეებმა გადაკეტეს ქალაქისკენ მიმავალი გზა, საიდანაც რუსული საოკუპაციო ძალები უნდა შესულიყვნენ.

ლვოვში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ცენტრია გახსნილი. განსაკუთრებული საჭირობები აქვთ დევნილებს, მათი რაოდენობა რუსული აგრესიის პარალელურად იზრდება.

“ბევრი წლის წინ ამ ადგილას სამხედრო აღჭურვილობის მარაგები ინახებოდა, თუმცა ეს საუკუნეების წინ ხდებოდა. ახლა კი გადავწყვიტეთ ჩვენი სამხედრო ძალებისთვის კამუფლირებული ბადეების მოქსოვა. ჩვენ ვთხოვთ ადამიანებს მოვიდნენ აქ და ყოველდღიურად შევქმნათ ეს ბადეები და გავგზავნოთ ისინი ჩვენი სამხედროებისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში,” – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

გარდა ამისა, განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს ლვოვის რკინიგზის სადგური, სადაც დღის განმავლობაში აღმოსავლეთი და ცენტრალური უკრაინიდან ათასობით ადამიანი ჩადის. ცნობისთვის ქალაქი უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. როგორც მერი აცხადებს, მსგავსი დატვირთვა რკინიგზის სადგურს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ დაბნეულობა, რომელიც ბევრ ადამიანს ჰქონდა პირველ დღეებში, თავდადებით შეიცვალა. შმიგალი ასევე ამბობს, რომ უკრაინელები მტერს ამ დანაშაულს არ აპატიებენ.

“მიმდინარეობს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მე-7 დღე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ჩვენი მეომრები ლომებივით იბრძვიან ყველა მიმართულებით და მტკიცედ აძლიერებენ თავდაცვას. მტერი ძალებს კარგავს, ცალკეულ მონაკვეთებზე კი იძულებულია ტაქტიკურად უკან დაიხიოს. ამავდროულად, ათი ათასობით რეზერვისტით ივსება ჩვენი არმიის რიგები. უკრაინისკენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის იარაღი. მთავარი კი ის არის, რომ დაბნეულობა, რომელიც ბევრ ადამიანს ჰქონდა პირველ დღეებში, შეიცვალა თავდადებით.

“ყველას ესმის, რომ უკრაინელები განმათავისუფლებელ ბრძოლას აწარმოებენ თავისი მიწისა და მომავლისთვის და მტერს ამ დანაშაულს არ აპატიებენ. უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებისთვის აუცილებლად დაისჯებიან ჰააგაში.

“რკინის ფარდა სულ უფრო მეტად ეშვება აგრესორზე. მსოფლიო კომპანიები ტოვებენ რუსეთს, რადგან არ სურთ ურთიერთობა ჰქონდეთ სისხლიან ფულთან. რუსეთმა ფაქტობრივად დეფოლტი გამოაცხადა. ბევრმა ცივილურმა ქვეყანამ რუსეთს ცა დაუკეტა. ამავდროულად უკრაინა სულ უფრო ძლიერდება. ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ,” – უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინის ერთ-ერთი სამხედრო ბრიგადა ქალაქ გორლოვკას გარეუბანში დაწინაურდა.

“ჩვენი დანაყოფების უმრავლესობა თავის პოზიციებს იკავებს, ჩვენი ერთ-ერთი ბრიგადა დაწინაურდა კიდევაც ქალაქ გორლოვკას გარეუბანში. ომის მე-7 დღეს ჩვენი ქვედანაყოფები შეტევაზე გადავიდნენ ცალკეული მიმართულებით.

მალე დადგება დრო, რომ არამხოლოდ დავიცავთ, არამედ გავათავისუფლებთ კიდევაც ჩვენს მიწას,”- უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინის 2000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული “ტელეგრამ” არხები ავრცელებენ.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე  „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი იმ მიმართულებით ვითარდება, რომ სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინს დასახული გეგმების განხორციელება ძალიან გაუჭირდება. მთლიანად რუსეთის ამოცანებს თუ განვსაზღვრავთ, პუტინი მანამდე ვერ მიაღწევს მიზანს, სანამ უკრაინაში პრეზიდენტი ზელენსკი და მისი  მთავრობაა. ვიდრე ზელენსკის ხელისუფლება უკრაინელების უზარმაზარი მხარდაჭერით საგრებლობს, მანამდე უკრაინამ კიევიც რომ დაკარგოს,  დამარცხებული მაინც არ იქნება.

„ის რომ ბლიცკრიკი არ შედგა, ფაქტია. უკრაინამ პირველ შეტევებს წარმატებით გაუძლო. რუსეთის მინიმუმი ამოცანა იყო, რომ უკრაინის სივცრე დაეკავებინა და განსაკუთრებით სამხრეთ ნაწილი. მათი გეგმა იყო, უკრაინისთვის სამუდამოდ მარიუპოლი, ოდესის მხარე ჩამოეშორებინა. ასევე, ზელენსკი და მისი მთავრობა პრორუსული მთავრობით ჩაენაცვლებინა. ახლა რასაც თვალს ვადევნებთ, რომ დიდი ქალაქების დაბომბვა ხდება და მთელი უკრაინის დაკავება უნდათ, ეს პუტინის გეგმებში არ შედიოდა.

“მას მსხვილი ქალაქების მარყუჟში მოქცევა უნდოდა, ხელისუფლება გადაეყენებინა და სამხრეთ უკრაინა სრულიად გაეკონტორლებინა. რუსეთის გეგმა წერტილოვანი დარტყმები იყო. ეს გეგმა უარყვეს და ახლა ისეთ მასირებულ დაპირისპირებაზე გადავიდნენ, როგორიც ჩეჩნეთში გააკეთეს. ხარკოვის და ჩერნიგოვის მსგავსი დაბომბვები თავიდან დაგეგმილი არ იყო.

“პრინციპში შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინისგან და  მსოფლიოსგან უპრეცედენტო წინააღმდეგობა მიიღო. პუტინს ზურგი ჩინეთმაც კი აქცია. უპრეცედენტო დაპირისპირება და უკრაინელების კონსოლიდაცია მიიღეს, რაც უკრაინის ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი  ნაწლიც კი უკარაინის ხელისუფლების მხარდამჭერია“,-ამბობს მამუკა არეშიძე.

რუსეთმა უკრაინის დიდი ნაწილი, რომ დაიკავოს და კიევი აიღოს, ეს გამარჯვება მაინც არ იქნება, ეს უბრალოდ წარმატება იქნება, რადგანაც უკრაინელების გატეხვა ძალიან რთული იქნება. არეშიძე ამბობს, რომ ვლადიმერ ზელენსკის კიევიდან გაყვანის გეგმაც შეიძლება არსებობდეს თუკი დედაქალაქი დაეცემა. თუმცა, მიიჩევს, რომ ზელენსკი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, რომლის გატეხვა და დედაქალაქის დატოვება ნაკლებად მოსალოდნელია.

„სხვათაშორის, ჰაკერების მიერ სხვადასხვა რუსული უწყების მიერ გატეხილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ დივერსანტებს ზელენსკის ადგილსამყოფელის დადგენა და მისი შტაბის ლიკვიდაციის მოხდენა აქვს დავალებული. ამ ომმა ძალიან ბევრი ლიდერი ამოყარა. ამიტომაც არ იქნება ზელენსკი, იქნება სხვა.

“ამიტომ რუსებს ბოლომდე ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეცვლა ძალიან გაუჭირდებათ. უნდა დააუთოვოს და დაანგრიოს უკრაინა, რომ ისინი გატყდნენ. ვხედავთ კადრებში უკრაინელები შიშველი ხელებით  რუსულ ტანკებს უდგებიან. ეს ის ხალხია, რომლებსაც უკრაინაც და მისი იდეები ფეხებზე ეკიდათ, მაგრამ ოფიცილურმა მოსკოვმა იმდენი ქნა ეს ხალხი გააერთიანა. პუტინის ყველაზე დიდი მარცხი ესაა. ამ განწყობას ვერავინ ვერ შეცვლის“,-ამბობს არეშიძე.

მისივე თქით, გამორიცხულია, რომ პუტინმა  ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ან საერთოდ რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენოს. არეშიძე ამბობს, რომ პუტინის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში მსოფლიოს მხრიდან პასუხს მიიღებს.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share