ეუთოს სპიკერის განცხადებით, პირველ მარტს ხარკოვში დაბომბვისას ორგანიზაციის თანამშრომელი, მაინა ფენინა დაიღუპა.
მანინა ფენინა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ნაწილი იყო.
“ჩვენი ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა მარინას ოჯახს. მერინა იყო SMM გუნდის ღირებული წევრი. ჩვენი კოლეგები უკრაინაში რჩებიან მჭიდრო კავშირში მის ოჯახთან”. – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა.
ეუთოს წარმომადგენლებმა დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული სამხედრო მოქმედებები.
“ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ურბანული ცენტრების გახშირებულ დაბომბვას, რომელიც იწვევს მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს და დაზიანებებს და ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ჩაერთოს შინაარსობრივ დიალოგში”. – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.