ახალი რკინის „ფარდა ევროპაში“ – რომელ მხარეს აღმოჩნდება საქართველო

რუსეთმა მასსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის ფაქტიურად უკვე დაუშვა ახალი „რკინის ფარდა”. – ამის შესახებ „რეზონანსთან” ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი მენაღარიშვილი საუბრობს. მისი თქმით, რუსეთი ყველა ბერკეტს აამოქმედებს იმისთვის, რომ საქართველოზეც მოახდინოს ზეწოლა.

რუსეთის მოქალაქეებისთვის დაბლოკილია სოციალური ქსელები. მედიაზე დაწესდა ცენზურა. შეწყვეტილია საავიაციო მიმოსვლა დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობასთან. მსხვილი დასავლური კომპანიები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აჩერებენ რუსეთში მუშაობას და მასთან ვაჭრობას.

ირაკლი მენაღარიშვილი  ამბობს, რომ ის, რაც რუსეთმა უკრაინის წინაშე ჩაიდინა, გამოუსწორებელი დანაშაულია და ამ ქმედებით თავად გაემიჯნა ცივილიზებულ სამყაროს.

„როგორი რთულიც არ უნდა იყოს, იძულებული ვარ გითხრათ, რომ რუსეთმა მასსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის უკვე დაუშვა რკინის ფარდა. ის, რაც ჩაიდინა უკრაინაში, გამოუსწორებელი დანაშაულია კაცობრიობის წინაშე. ამ გაყოფილ სამყაროში კი საქართველოს უბრალოდ არც ჰქონდა და არც აქვს სხვა შანსი. ის უნდა დადგეს მხოლოდ ცივილიზებული ევროპის მხარეს და მგონი დღემდე ასე დგას.

„ახლა უნდა ვისურვოთ, რომ ეს სტრატეგიული არჩევანი ოდნავადაც არ დაზიანდეს. რა თქმა უნდა, საქართველოს გადაწყვეტილებაზე აუცილებლად მოახდენს ზეწოლას რუსეთი, ამას ყოველთვის აკეთებდა 2008 წლამდეც და მითუმეტეს მის შემდეგაც არ შეუწყვეტია პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის ზეწოლა, მაგრამ დღემდე წარმატებით უძლებდა საქართველო. ახლა კი ჩვენი მოძმე უკრაინის გმირობის მაგალითით შთაგონებულნი კიდევ უფრო მაგრად უნდა დავდგეთ.

„თავის მხრივ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ევროპამაც, რაც შეიძლება მეტად უნდა დააჩქაროს რუსეთის წინააღმდეგ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მას აქვს დაგეგმილი”, – განაცხადა მენაღარიშვილმა.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share