”დღეს თვითმფრინავის ხმა მესმოდა და მელანდებოდა რომ მოვიდნენ..
რა არ ვცადე, რას არ ვეცი ფიქრს ვერ გავექეცი, საქმეზე უკეთესი თავშესაფარი ვერ ვიპოვნე, ისევ ბაღის მაკრატელი ავიღე და როზმარინის ბუჩქები გადავჭერი. 2008 შიც ასე იყო, ლავანდას ვაკალმებდი, სულ არ მეგონა ნერგამდე მიყვანას თუ მოვესწრებოდი, მაინც ვჭრიდი და ვარჭობდი.
ძნელია, ძალიან ძნელია ამ დროს საქმეს გული დაუდო მაგრამ სხვა რა გზაა? გადაირიე, წაიკითხე, უყურე კიდევ უფრო გადაირიე, მხარდაჭრა გამოხატე, პროტესტის, უსამართლობის საშინელი განცდით იღვიძებ და იძინებ მაგრამ ვერაფერს ცვლი, ლოგინში რომ გძინავს ესეც კი გეუხერხულება, უზიარებ ახლობლებს, მეგობრებს ზღვა ემოციას და კიდევ უფრო მძიმდები, ვერაფერს ცვლი.
მაინც მგონია ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ მანამ სანამ მისი კეთება შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია ისე. ვფიქრობ ვიმუშაო, კიდეც დავთესო, დავრგო, დავამყნა, დავაკალმო მანამ სანამ შესაძლებელია. ვიზრუნო სტუმრებზე თუ მოვლენ, ვიზრუნო ჩემს ორმოც თანამშრომელზე და ვეცადო მათი ხელფასები შევაგროვო, მათ უკან ოჯახები დგანან და ჯამაგირი ძალიან სჭირდებათ. ვიზრუნო ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე რომელთაც ასევე ძალიან ვჭირდები.
ვფიქრობ და სხვა გზას, გამოსავალს ვერ ვხედავ, გულზე ხელს ხომ ვერ დაიკრეფთ და გავჩერდებით?
ამიტომ ჩემო ძვირფასებო, უადგილოა თქვენი კომენტარები: “რადროს ვაშლი და მსხალია, რადროს პამიდორი და კიტრის ჩითილია, რადროს თესვა და ხვნაა ომია” განა თითონ ვერ ვხედავ რომ ომია, ვინმეზე ნაკლებათ ვარ შეძრული და შეძრწუნებული? არა მგონია.
მე სხვა გზას და გამოსავალს ვერ ვხედავ, სანამ ამის საშუალება მომეცემა მივხედავ ბაღს, საქმეს და თუ გამაჩერებენ კი დავინახავთ ერთად და გავჩერდები, მანამდე დარდთან და ამ გაუსაძლის უბედურებასთან ერთად ვიშრომებ.
ღმერთო გაძლება და მშვიდობა მოგვეცი!!!”
ფოტო #ზაქარიაჭელიძე
ზურა შევარდნძის ფეისბუკ-პოსტი