ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ საქართველოს პოზიცია – არ შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, არასწორია.
ჭუმბურიძის განმარტებით, საქართველოს მთავრობის ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, პუტინის აგრესორ მანქანას ვერ შეაჩერებს.
„ჩემთვის, როგორც დიპლომატისთვის ზელენსკის მიერ უკრაინის ელჩის გაწვევა მძიმე გადაწყვეტილება იყო. არის მომენტები, როცა არავინ გაძალებს რამე თქვა, მაგრამ არ შეიძლება ასე უაპელაციოდ განაცხადო, რომ არანაირ სანქციას არ შეუერთდები. რა გვგონია, რომ ამ დამოკიდებულებით პუტინის აგრესორ მანქანას გავაჩერებთ და ის მშვიდად ცხოვრების საშუალებას მოგვცემს? გამორიცხულია. დაჩოქებული უკრაინა ნიშნავს ხუთმაგად დაჩოქებულ საქართველოს. ომი არც ერთ ჭკუათმყოფელს არ სურს, მაგრამ თავისუფლებისთვის ყველაფრის გაკეთება შეიძლება.
ღირსება არ უნდა დავკარგოთ, არც პოლიტიკური და არც ერის. რუსები თუ შემოსასვლელები არიან, ყოველთვის შემოვლენ. გარდაუვალი იყო ეს 2008 წელს საქართველოსთვის და 2014 წელს უკრაინისთვის. ახლაც უკრაინის პრეზიდენტი რას არ ეცადა, რომ ეს ომი აერიდებინა, თუმცა ამას პუტინისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ეს იყო გეგმა, რომელიც მას დიდიხანია ჰქონდა“ – ამბობს ის.
წყარო: bm.ge