უკრაინის პრეზიდენტმა ახალი მიმართვა გაავრცელა. ომის 15 დღე უკრაინაში და განადგურებული ქალაქები, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და მარიუპოლის დაბომბილი საავადმყოფო – ეს იყო ძირითადი საკითხები, რაზეც ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა.
მან მიმართა რუს პროპაგანდისტებს, ასევე ისაუბრა დასავლელ ლიდერებთან საუბრის შესახებ:
ძვირფასო უკრაინელებო გუშინ გავრცელდა ინფორმაცია მარიუპოლში საავადმყოფოსა და სამშობიაროს აფეთქების შედეგად დაღუპულების შესახებ. სამი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანია, პატარა გოგონა. 17 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან ბავშვები, ქალები და ექიმები.
ამ დაბომბვის შესახებ რუსულ ტელევიზიაშიც ისაუბრეს, თუმცა არც ერთი სიტყვა სიმართლე მომხდარის შესახებ. რუსები მოატყუეს, რომ საავადმყოფოში პაციენტები არ იყვნენ, რომ ამ შენობაში არც ქალები და არც ბავშვები არ იყვნენ.
თავიანთი მოქალაქეები მოატყუეს, რომ თითქოს ამ შენობაში “ნაციონალისტები” იყვნენ გამაგრებული. ისინი აგრძელებენ სიცრუის ტირაჟირებას როგორც ამას ყოველთვის აკეთებდნენ.
ამ დანაშაულების ჩადენა შეუძლებელია იმ პროპაგანდისტების გარეშე, ვინც მათ მხარს უჭერს. მოგმართავთ პროპაგანდისტებო, თქვენც ისევე დაისჯებით, როგორც ისინი ვინც ამ ბომბებს ისვრის.
ვიპოვით ყველას, ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პროპაგანდისტებს და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მათი ქონების კონფისკაცია მოხდეს, სადაც არ უნდა ფლობდნენ მას.
თქვენ ხომ გიყვართ მდიდრული ცხოვრება და მდიდარი ქვეყნები?! – დაემშვიდობეთ, აღარ გექნებათ. და ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენ აუცილებლად გაგებინებენ პასუხს საომარ მოქმედებებში თანამონაწილეობისათვის. ეს აუცილებლად მოხდება, შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებიც შეგიძულებენ.
ყველა, ვისაც გუშინ, დღეს და წლების განმავლობაში ატყუებდით, როდესაც ისინი იგრძნობენ თქვენი ტყუილების შედეგებს თავიანთ ცხოვრებაზე, როდესაც იგრძნობენ, რომ მათ შვილებს მომავალი მოპარეთ, არ გაპატიებენ, რადგან დანაშაული დამალული არ დარჩება.
დღეს ახალ ჰუმანიტარულ დერეფანს ვაწყობთ. ავტობუსები და სატვირთოები უკვე გზაში არიან, რომლებსაც წყალი, საკვები და მედიკამენტები გადააქვს. სატვირთოები ჩავა მარიუპოლში, ვოლნოვახაში, იზიუმში, სუმში და სხვა ქალაქებში, ასევე კიევის ოლქში, მათ შორის ბუჩაში, ბოროდიანკაში, ირპენსა და ჰოსტომელში.
გული მისკდება იმისგან რაც ოკუპანტებმა ჩვენს ქვეყანას დაუშავეს და რის გაკეთებასაც აპირებენ. რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფა უკვე გამოიწვიეს, თუმცა ეს ნაწილია იმ გეგმისა, რომლის განხორციელებასაც აპირებენ. ცდილობენ ჩვენი ხალხი მუხლებზე დააჩოქონ და ოკუპანტებს ხელიდან წყალი და პური მიაღებინონ. ცდილობენ, რომ უკრაინელები მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან რუსეთში აცხოვრონ. ამ მიზნით ჰყავთ ალყაში მარიუპოლი, ვოლნოვახა და სხვა ქალაქები.
ოკუპანტები ამ ყველაფერს მხოლოდ იმის გამო აკეთებენ, რომ თავიანთი სატელევიზიო პროპაგანდისტები ალაპარაკონ ამაზე. გუშინ ჰუმანიტარული დერეფნების დახმარებით 60 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე გამოვიყვანეთ მშვიდობიან ზონაში.
დღეს ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ვესაუბრე გერმანიის კანცლერს შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტს მაკრონს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორს ჯონსონს, რომლისგანაც მოვისმინე, რომ ჩვენი ანტისაომარი კოალიცია ძლიერდება. ასევე, ზეწოლა გაძლიერდება რუსეთზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელი ლიდერების დამოკიდებულება იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.
ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ თანასწორუფლებიანები დემოკრატიულ და ცივილიზებულ სამყაროში მცხოვრები ადამიანებთან. ამიტომ გვინდა, რომ დავინახოთ ჩვენი პარტნიორებისგან რეალური გადაწყვეტილებები და არა აბსტრაქტული დაპირებები.
უახლოეს დღეებში ევროკავშირი აანონსებს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომზე ფართო მსჯელობა გამართოს, რათა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილონ. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ მოქმედებებს, რადგან ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც ადამიანური, ასევე ევროპული თვალსაზრისით.
ჩვენ ზუსტად ვიცით რომელ ევროპელ ლიდერს რა პოზიცია უკავია და რომელი ევროპელი ლიდერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უბრალო ბუღალტერიაა.
უკრაინელებო, ჩვენ, ჩვენი არმია და თითოეული ჩვენგანი 15 დღეა სამშობლოს მედგრად იცავს. ჩვენი პოლიციელები, მესაზღვრეები, ჯარისკაცები, იბრუნებენ სტრატეგიული ობიექტებს. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, რომ არ მისცეს საშუალება მტერს ტყვედ ჩავეგდეთ. ეს ჩვენი სიამაყისთვის მიუღებელია. ომის დასრულების შემდგ, მალე ავაშენებთ ყველაფერს რაც განადგურებულია. თითოეული ქალაქისთვის შეიქმნება აღმშენებლობის ახალი პროგრამა, რისი ბრძანებაც უკვე გავეცი. ახლა პროექტის გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს.
ჩვენი ქალაქები, სადაც ეს რუსული ბოროტება მოვიდა, აღმშენებლობის შემდეგ, ამ ბოროტების კვალს ვერ იგრძნობენ.
ხარკოვის მაგალითზე გეტყვით, ყველაფერი რაც მტერმა დაანგრია, თავიდან ავაშენებთ და განსხვავებული და ლამაზი იქნება ხარკოვის თავისუფლების მოედანი, სადაც ჩვენ ყველა ერთად დავდგებით და ამის პირობას პირადად მე გაძლევთ. ხარკოველები იგრძნობენ, რომ უკრაინა მათ გვერდით დგას. გპირდებით. დიდება უკრაინას. ამბობს ზელენსკი