“მრცხვენია ჩემი ქვეყნის მთავრობის გამო” – ხოჭოლავას ინტერვიუ უკრაინის ომზე

საფეხბურთო კლუბმა კოპენჰაგენმა გუნდის ქართველი ლეგიონერის, დავით ხოჭოლავას ვიდეოინტერვიუ გამოაქვეყნა. ცენტრალური მცველი ინტერვიუში უკრაინაში ომზე საუბრობს.

აი, რას წერს კოპენჰაგენის ოფიციალური საიტი ამ ინტერვიუს შესახებ: “დავით ხოჭოლავას ოჯახი უკრაინიდანაა, მან გადაწყვიტა, რომ ამ ინტერვიუთი თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის დასახმარებლად, გაავრცელოს ინფორმაცია მის მეორე სამშობლოზე. ინტერვიუ ჩაწერილია გასული კვირის ტრაგიკული მოვლენების წინ, როცა ომში მისი სიმამრი დაიღუპა, მაგრამ დავითმა გამოთქვა სურვილი, რომ ეს ინტერვიუ მაინც გამოქვეყნდეს. საბედნიეროდ, მისი ოჯახის სხვა წევრები უსაფრთხოდ არიან. შევნიშნავთ, რომ ეს ინტერვიუ არ არის გათვალისწინებული ბავშვებისთვის”.

 კოპენჰაგენი: უკრაინაში ომია, რა ხდება თქვენს ოჯახში, როგორ გრძნობთ თავს?

დავით ხოჭოლავა: არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვგრძნობ თავს. ახლა ჩემს მეუღლეს, ჩემი ბავშვის ძიძას, მამაჩემს, ყველას, ვინც აქ არის, ჩემი დახმარება ესაჭიროება. ეს მეხმარება, რომ ვიყო ცოტა ცივსისხლიანი, რომ შევძლო, რაც შეიძლება მეტი პრობლემა მოვაგვარო მათთცის. მაგრამ ახლა, ყოველდღიურად სიტუაცია უარესდება. ჩემი მეუღლის ქალაქი თითქმის მთლიანად დანგრეულია. უამრავი უდანაშაულო ადამიანი იღუპება, როცა აქ ვზივართ და ვსაუბრობთ. ვცდილობ, გადავარჩინო ჩემი ოჯახი, ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. ის, რაც ჩემმა ნათესავებმა და მეგობრებმა ბოლო კვირის განმავლობაში გადაიტანეს, საშინელებაა. ისინი თავს სარდაფებს აფარებენ, შიშობენ, რომ ხვალინდელი დღე არ გაუთენდებათ, შიშში ცხოვრობენ. ბომბები ეცემა ყველგან. უნდა გავუძლოთ, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს. რუსეთი უკვე დამარცხებულია. უკრაინა ადამიანებს კარგავს, მაგრამ უკრაინელები გმირები არიან და ეს ქვეყანა თავიდან აშენდება და ამაში მას მთელი მსოფლიო დაეხმარება. ომის შემდეგ უკრაინა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ომამდე. რუსეთმა ყველასთან წააგო, ის არავის უნდა.

კოპენჰაგენი: თქვენ საქართველოდან ხართ, თუმცა უკრაინა მეორე სამშობლოა, მეუღლე უკრაინელია, იქ ძალიან ბევრი მეგობარი და ნათესავი გყავთ..

ხოჭოლავა: მამაჩემი სანახევროდ უკრაინელია, ჩემი მეუღლე უკრაინელია, ჩემი შვილი უკრაინელია. 8 წელიწადია, უკრაინაში ვცხოვრობ, თითქმის მთელი დრო, რაც სრულწლოვანი ვარ. ახლა 40 მილიონი უკრაინელი ერთიანია. ეს ყველაფერი ვიცი, როგორც დასრულდება – უკრაინა გაიმარჯვებს! ის გაიმარჯვებს ევროპისა და მსოფლიოს მხარდაჭერით, მაგრამ, რადგან ეს საშინელება გრძელდება, მშვიდობიან მოქალაქეებს ვკარგავთ

კოპენჰაგენი: აქ დანიაში, როცა ამ კადრებს ვუყურებთ, რომლის წარმოდგენაც კი გვიჭირს, ჩნდება კითხვა, როგორ უნდა დაგეხმაროთ თქვენ?

ხოჭოლავა: პირველ რიგში ფინანსურად, რადგან მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, მათ ეს სიჩქარეში მოუწია, ზოგს თან არაფერი აქვს, არ აქვთ ადგილი, სადაც შეუძლიათ თავი შეაფარონ, არ აქვთ საკვები. ჩემი აზრით, ჩვენი და მთელი ევროპის მისიაა დავეხმაროთ ლტოლვილებს, დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია, თუნდაც სათამაშოებით ბავშვებისთვის, რომლებიც სარდაფებში ცხოვრობენ ბომბების შიშით. იქ, სადაც თითქმის შეუძლებელია ცხოვრება.

კოპენჰაგენი: უკრაინას მთელი მსოფლიო უჭერს მხარს და ეხმარება…

ხოჭოლავა: ეს მართლაც საოცარია. ძალიან ბევრი მეგობარი ირგვლივ ეხმარება უკრაინას, ვის, რითაც შეუძლია. ყველა ერთის წინააღმდეგაა, მთელი კონტინენტი არის იმ კაცის წინააღმდეგი, რომელმაც უკრაინის დაპყრობა გადაწყვიტა. ხალხი სახლებს, ქალაქებს კარგავს, მათ ოკუპანტები უტევენ. ეს ხალხი იმსახურებს ჩვენს დახმარებას. ეს ჩვენი, ადამიანების მოვალეობაა.

კოპენჰაგენი: კვირის მატჩის წინ გუნდი უკრაინის დროშით გამოვიდა მოედანზე, ფანები კი თქვენს სახელს სკანდირებდნენ…

ხოჭოლავა: ძალიან ემოციური იყო, მაგრამ საქმე ის არაა, რომ ფანები ჩემს სახელს სკანდირებდნენ, მთავარი ის 40 მილიონი ადამიანია, ვინც ახლა იბრძვის ქვეყნის დასაცავად. ეს მესიჯი მათთვისაა.

კოპენჰაგენი: კლუბი ინიციატივით გამოვიდა, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარება შეაგროვოს, რომ ამან ცოტა შვება აგრძნობინოს მათ.

ხოჭოლავა: ასეც იქნება. ყველაფერს აქვს აზრი, ყოველ დახმარებას. როგორც ვთქვი, 40 მილიონი ადამიანი დიდი საფრთხის წინაშეა.

კოპენჰაგენი: რას ფიქრობთ, კიდევ რითი შეუძლია ხალხს უკრაინის დახმარება?

ხოჭოლავა: მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ჩემი, ჩემი ოჯახის მხარდაჭერისთვის. ასეთ რთულ სიტუაციებში მცირე ჟესტებსაც კი შეუძლია დიდი გავლების მოხდენა. გთხოვთ ყველას, დაეხმარეთ ამ ხალხს. შესაძლოა, მომავალში ეს ხალხი დაგვეხმარება ჩვენ. მთელი უკრაინა, პრეზიდენტიდან დაწყებული ნებისმიერი მოქალაქის ჩათვლით ერთიანია.
მინდა, პრეზიდენტს, მთელ უკრაინელ ხალხს ბოდიში მოვუხადო ჩემი ქვეყნის მთავრობის გამო. იმიტომ, რომ მათ უარი თქვეს გამოეშვათ ქართველი მოხალისეების თვითმფრინავი უკრაინაში. მთავრობამ ასევე უარი თქვა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭიროს. ვალდებული ვარ, ბოდიში მოვიხადო, რადგან უკრაინას ჩვენ ვჭირდებით. უკრაინას ახლა მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა სჭირდება. ნამდვილად მრცხვენია ჩემი მთავრობის გამო. წარმოუდგენელია, მოხალისეების არ გაშვება უკრაინაში ოკუპანტებთან საბრძოლველად, მაშინ, როცა თავად ჩემი სამშობლოს ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. 2008 წელს რუსეთმა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. მაშინ 16 წლის ვიყავი, ვხედავდი, როგორ დაფრინავდნენ რუსული თვითმფრინავები, რომელთაც ჩემი სამშობლო დაბომბეს. 2014-ში ამ ქვეყანამ დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის ოკუპაციაც მოახდინა და ახლა კი ყველა ხედავს, რასაც აკეთებს უკრაინაში. მთელ მსოფლიოს სჭირდება, რომ მოვიშოროთ ეს დიქტატორი, რომელმაც ჩემი სამშობლოს 20% წამართვა და ახლა ჩემი ოჯახისა და ჩემი მეუღლის ქვეყნის დაპყრობა სურს.
ჩემთვის ამ ინტერვიუს მთავარი აზრი ისაა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიდეს ინფორმაცია, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს სიმართლე, რადგან ვიცი, რომ არის ხალხი, ვისაც სჯერა, რომ რუსეთს ოკუპაცია არ დაუწყია, არც გენოციდი, რომ, თითქოს, მას უკრაინელი ხალხის გათავისუფლება სურს. ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს, რა ხდება სინამდვილეში. როგორმე უნდა მოვიცილოთ ეს ჭირი კონტინტიდან. რა თქმა უნდა, იქნებ, ჩემმა მესიჯმა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩინოს სურვილი დაეხმაროს ხალხს. იმედია, მსოფლიოს დახმარებით ყველაფერი კარგად დასრულდება.

მსურს ინტერვიუ ორი სიტყვით დავასრულო: Слава Україні!

შეგახსენებთ, რომ 29 წლის დავით ხოჭოლავა 2021 წლის ზაფხულში დონეცკის შახტარიდან კოპენჰაგენში გადავიდა. 2015-2021 წლებში ის უკრაინულ კლუბებში (ჩერნომორეცი, შახტარი) თამაშობდა. ეროვნულ ნაკრებში ხოჭოლავამ 33 მატჩი გამართა.

https://popsport.com/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share