“ჰააგაში, ბერლინში, კიევში მამართლებენ და ხელისუფლება მასამართლებს, მათ შორის, ლეხ კაჩინსკის საფლავზე მიტანილი გვირგვინის ყიდვის გამო” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს.
ზურაბ ადეიშვილი არის მთავარი მომლაპარაკებელი უკრაინის მხრიდან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. ეს ის სასამართლოა, რომელშიც წულუკიანის ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ გავემტყუნებინეთ, ამასწინათ მე და ქართულმა ჯარმა საქმე პირწმინდად მოვიგეთ.
ეს ის ზურაბ ადეიშვილია, რომელსაც მურუსიძის სასამართლოში მრავალრიცხოვანი განაჩენი აქვს გამოტანილი, მაგრამ რატომღაც ჰააგაში დიდი ზარზეიმით იღებენ. ცოტათი მაინც არ გეხამუშებათ ეს ყველაფერი და ისიც, რომ მე ახლა ციხის საკნიდან ვწერ?!
გუშინ გერმანულმა სასამართლომ გაამართლა გიგი კალანდაძე და ერთ-ერთ არგუმენტად ჩემი პატიმრობის უსამართლობა დაასახელა.
ე.ი. ჰააგა, ბერლინი, კიევი მამართლებენ და ქართული კოლაბორაციონისტული ხელისუფლება მასამართლებს, მათ შორის, გარდაცვლილი ლეხ კაჩინსკის საფლავზე მიტანილი გვირგვინის ყიდვის გამო, იმ ქვეყნის პრეზიდენტის, რომლის პრემიერმინისტრი დღეს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს და პრესკონფერენციაზე მუდმივად კაჩინსკის ციტირებდა, – წერს მიხეილ სააკაშვილი.