სამართალდამცველებმა ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი, 1990 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, მან ნათესავი ქალი მოკლა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გლდანში, ნათესავ ქალს – 1940 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბასრი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის შემდეგ ნ.ნ.-მ ბინიდან ტელევიზორი წაიღო და ლომბარდში ჩაბარებას შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო. იგი კვლავ შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა და მიიმალა” – აცხადებს შსს.
პოლიციამ ნ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
tabula.ge