“ბავშვმა მითხრა, დედა, იქ აფეთქებაა” – რას ჰყვებიან უკრაინის ონკო კლინიკის პაციენტები

შაბათის ფორმულამ ის ოჯახები ჩაწერა, რომელთა შვილებიც უკრაინაში ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. უკრაინელი დედები ცივილიზებულ სამყაროს ცის ჩაკეტვას სთხოვენ, რათა მათმა შვილებმა გადარჩენა შეძლონ.

როგორც ონკოლოგიური საავადმყოფოს პაციენტები შაბათის ფორმულასთან საუბარში იხსენებენ, 26 იანვარს, გამთენიისას აფეთქებების ხმა, ბავშვების ტირილმა ჩაანაცვლა. შიში, დაბნეულობა და ბრაზი – ის გრძნობები იყო, რაც ექიმებსა და მშობლებს ერთდროულად დაეუფლათ.

“ჩემმა შვილებმა არ იცოდნენ რა იყო ომი. ჩვენ ვიმალებოდით სარდაფებში, თავშესაფრებში. მე ვეუბნებოდი მათ, რომ ეს ერთგვარი თამაშია, მაგრამ მათ ესმოდათ სროლის ხმა. ფანჯრიდან დავინახეთ, როგორ ააფეთქეს სატელევიზიო ანძა და ბავშვმა მითხრა, დედა, შეხედე, იქ აფეთქებაა. მიხვდნენ, რომ ეს თამაში აღარ იყო… ბავშვებს ექიმებმა აჩუქეს სიცოცხლის მეორე შანსი და მათ სურთ, ამ შანსის წართმევა. ეს არის უგულო, სასტიკი ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ მათი გადასაწყვეტია, ჩვენი შვილები იცოცხლებენ თუ არა”, – ამბობს რესპოდენტი.

მოსალოდნელი საფრთხის გამო, ექიმებმა გადაწყვიტეს, ის ბავშვები, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელი იყო, კლინიკიდან დროულად გაეწერათ, რამდენიმე ათეული ბავშვი კი ქიმიოთერაპიის განყოფილებაში დატოვეს, მათ შორის იყო 13 წლის იგნატ ალიოშინი.

“ომის პირველ დღეებში, პირველი 100 საათი, საშუალებაც არ გვქონდა, რომ საავადმყოფოს კედლები დაგვეტოვებინა. საჭირო იყო პროცედურები, გარშემო ისროდნენ, ღამღამობით ისმოდა გრადებისა და რაკეტების ხმა, მიწა ზანზარებდა. 5 ღამე, სხვა ბავშვებსა და მშობლებთან ერთად, გავატარეთ სარდაფში. მიუხედავად იმისა, რომ სარდაფში არ არის საჭირო აღჭურვილობა, ექიმებისა და მედდების დახმარებით, ჩვენ მაინც კარგად ვგრძნობდით თავს”, – აცხადებს ის.

გადაწყვეტილება – სასწრაფოდ გაერიდებინათ ბავშვები ოხმადიტის საავადმყოფოს – პასუხისმგებელმა პირებმა მალევე მიიღეს.

“გვითხრეს, რომ გასამგზავრებლად ნებისმიერ მომენტში მზად ვყოფილიყავით. მახსოვს ჩემი პირველი რეაქცია. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ამავდროულად გულში  დიდი დარდიც მქონდა, იმიტომ, რომ მყავს კიდევ ერთი შვილი, 4 წლის ბიჭი, რომელიც კიევის ოლქში რჩებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიხლიჩებოდი. მინდოდა მისი წამოყვანაც, მაგრამ გავაცნობიერე, რომ ერთდროულად ვერ შევძლებდი, წავსულიყავი უცხო ქვეყანაში ბავშვის სამკურნალოდ და ასევე მეზრუნა მეორე ბავშვზეც”, – ამბობს პაციენტის დედა.

ონკო პაციენტი ბავშვების ევაკუირება საბოლოოდ, ერთი დიდი ავტობუსით გადაწყდა. მშობლების ნაწილი ავტობუსს თავიანთი მანქანებით გაჰყვა. პაციენტების უმეტესობა ახლა უკრაინის დასავლეთ ნაწილშია ევაკუირებული. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მათ გადაყვანას საქველმოქმედო ფონდი უზრუნველყოფს.

ომის 24-ე დღეს უკვე აშკარაა, რომ პუტინის სამხედროები სამოქალაქო ობიექტებს გამიზნულად უტევენ, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, თეატრებს, რომლებსაც თავს მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებენ.

“მეჩვენებოდა, რომ ყველაზე საშინელი ადამიანი, რომელიც მოევლინა ამ სამყაროს იყო ჰიტლერი, მაგრამ ჩანს რომ პატარა ვოვაჩკა, რომელსაც ოდესღაც  სკოლაში დასცინოდნენ, გაიზარდა და გახდა ცხოველი, რომელიც უნდა განადგურდეს ნებისმიერი საშუალებით. სიმართლე გითხრათ, მე რომ მქონდეს ასეთი შესაძლებლობა, ამას დაუფიქრებლად გავაკეთებდი”, – განაცხადა შაბათის ფორმულას რესპონდენტმა.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share