უკრაინაში, ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის მეუღლე მარიკა კუბლაშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლე 5 დღის წინ ჩავიდა ქალაქ ირპენში, თუმცა ოჯახს უმალავდა და ამბობდა, რომ კიევში იყო.
დავით გობეჯიშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ის აგვისტოს ომშიც იბრძოდა.
„პოლონეთში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ იქ ჩასული ვერ გაჩერდა და უკრაინაში გადავიდა. მეუბნებოდა: მაინცდამაინც ჩემს შვილებამდე უნდა მოვიდნენ, საფრთხე რომ ვიგრძნოთო? ის სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ვერ გაჩერდებოდა. 5 დღის ჩასული იყო ირპენში, მიმალავდა, მეუბნებოდა კიევში ვარ და მშვიდი ვითარებააო. რა მოხდა, როგორ დაიღუპა, არ ვიცით. აგვისტოს ომში იბრძოდა, სადაც ოთხი თითი დაკარგა. ჩვენთვის ის ნამდვილად გმირია”, -აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე მარიკა კუბლაშვილი.
ოჯახი დავით გობეჯიშვილის ჩამოსვენებაში დახმარებას ითხოვს.
გობეჯიშვილის ოჯახი ტყიბულში ცხოვრობს.