ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში სამხედრო კონფლიქტის გადმოტანის მიზანს ემსახურება „ომის პარტიის“ პირდაპირი თუ ირიბი საუბრები ე.წ. შესაძლებლობის ფანჯარაზე და მოწოდებები ომის გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული და წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად. ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი ომი აფხაზეთსა და ცხინვალში იქნება არა მხოლოდ ომი ქართველებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, არამედ, ასევე, ომი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. ახალი ძმათამკვლელი ომი იქნება უდიდესი, უპატიებელი დანაშაული ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე, რასაც ჩვენ აღარ დავუშვებთ.
თუ არსებული მძიმე ვითარება ქმნის რაიმე შესაძლებლობის ფანჯარას ამ თვალსაზრისით, ეს არის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს გავუწოდოთ დახმარების ხელი გამწვავებულ სოციალურ პრობლემებთან გასამკლავებლად.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, სათანადო პასუხს გასცემს „ომის პარტიის“ ყველა პროვოკაციას და არ დაუშვებს საქართველოს ჩათრევას სამხედრო კონფლიქტში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე”, – განაცხადა კობახიძემ