გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე პირველ მოადგილესთან ლევან ჯაფარიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს ნიკ ბერესფორდს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს მზია გიორგობიანს და გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერს საქართველოში თინათინ ტყეშელაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე UNDP-ის პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ფაზა 2“-ის ფარგლებში რეგიონში მხარდაჭერილი ინიციატივების შედეგები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 2018-2021 წლებში პროექტმა ხელი შეუწყო გურიის მუნიციპალიტეტებს, შეემუშავებინათ განვითარების დოკუმენტები, საინვესტიციო პროფილები და განეხორციელებინათ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივები. ამასთან, პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სფეროში კვალიფიკაციისა და უნარების გაძლიერების მიზნით მოხდა ადგილობრივი საჯარო მოხელეების გადამზადება და მათთვის სასწავლო პროგრამების მიწოდება. გურიის მუნიციპალიტეტების მიერ მოსახლეობისთვის ელექტრონული სერვისების შეთავაზების პროცესის გაუმჯობესებისთვის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლებს გადაეცათ პერსონალური კომპიუტერები, პორტატული სკანერები და მულტიფუნქციური პრინტერები. მხარდაჭერილ იქნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 5 მუნიციპალური ინიციატივა, რომელიც მოიცავდა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში – გომის მთის განაშენიანების გეგმის შემუშავებას და „ჩაის გზის“- როგორც ტურისტული ბრენდის შექმნას. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გრიგოლეთის სივრცითი განვითარების გეგმის შემუშავებას და შუა მთიან თემებში (აცანა, ჩოჩხათი) ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცხრაწყარო-ბახმაროს გზაზე საპიკნიკე, დასასვენებელი და სავაჭრო ინფრასტრუქტურის მოწყობას და სოფელ ბუკისციხეში მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მოწყობას. აღნიშნული ინიციატივებისთვის, საერთო ჯამში, გამოყოფილ იქნა 715 350 ლარი. 380 520 ლარით დაფინანსდა მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში 3 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. „UNDP-ის მიერ გურიის რეგიონში პროექტ „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ფაზა 2“-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტების საერთო მოცულობამ მილიონ ლარს გადააჭარბა. პროექტმა ხელი შეუწყო თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების ამაღლებას, პოტენციური ინვესტორებისა და მეწარმეებისთვის ბიზნეს-მეგობრული გარემოს შექმნას და საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის წახალისებას, რათა ერთობლივად შექმნან უკეთესი პირობები ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად“, – აღნიშნა გიორგი ურუშაძემ. შეხვედრა ადგილობრივ მეწარმე ,,ჩაის გზის“ ბენეფიციარ ლანა ჟღენტთან გაიმართა.