ოზურგეთის მუნიციპალურ საკრებულოში, მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმების პროცედურები შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაიწყოს.
ამის შესახებ, ცნობილი გუშინ, ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გახდა, როცა “ერთიანი ნაცონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ შეიტანა წინადადება, დაიწყოს კონსულტაციები, ადგილობრივი ქუჩის მოსახლეობასა და საკრებულოს შესაბამის კომისიასთან, რომ მოსკოვის ქუჩას გადაერქვას სახელი და მას ეწოდოს კიევის ქუჩა.
როგორც დღეს, საკრებულოში “გურიის მოამბეს” აუხსნეს, შესაბამისი კომისიები პროცედურებს მას შემდეგ დაიწყებენ, როცა დავით მჟავანაძე, როგორც საკრებულოს დეპუტატი ამ ინიციატივას უშუალოდ შემოიტანს.
საკრებულოში განგვიმარტეს, რომ ნებისმიერი ქუჩისთვის სახელის გადარექმევის პროცედურა შესაძლოა, დაიწყოს თავად ამ ქუჩის მოსახლეობის მომართვის, შესაბამისი პეტიციის ან საკრებულოს დეპუტატის მხრიდან მუნიციპალიტეტის მერის მიმართვის შემთხვევაში.
მას შემდეგ, რაც დავით მჟავანაძე თავის ინიციატივას წერილობით დაარეგისტრირებს, საკრებულოს შესაბამისი კომისია – მაგალითად, ინფრასტრუქტურის კომისია, რომელსაც ბექა თოიძე ხელმძღვანელობს, დაიწყებს პროცედურებს. მოხდება შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, შესაძლოა შედგეს ელექტრონული პეტიცია და დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება და ამის შემდეგ დაიწყება შესაბამისი პროცედურები.