საქართველოს განათლების მინისტრობის კანდიდატიის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2020 წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი გაიხსნა. მისი მტკიცებით, რომ არა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში “ამ რანგის” უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა.
“[უნივერსიტეტის] იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. ეს არის ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ვითარდება დასავლური სტანდარტებით” — განაცხადა ჩხენკელმა.
მისივე თქმით, უნივერსიტეტმა ოპერირება დაიწყო, ხოლო მომდევნო წლებში იქ გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისთვის და თითოეული მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული.
დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა ასეთ პარტიას მანდატები გაუუქმდება, ხოლო დაფინანსება შეუწყდება. მმართველი ძალის განცხადებითვე, ისინი დააინიცირებენ კანონპროეტქს, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.