კაცობა და ღირსება მელიას ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის – ის დღეს ფორმალურ თავმჯდომარეს წარმოადგენს, სააკაშვილის ჩვეულებრივი „ხელის ბიჭია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამ განცხადებით კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას კრიტიკას უპასუხა, რომელიც მან ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოთქვა.
კალაძის თქმით, ორივე – მოგება და წაგება ადამიანმა „კაცურად“ უნდა მიიღოს.
„ზოგადად ყოფილი კონკურენტები ერთმანეთზე ყველაზე ნაკლებად საუბრობენ და მაქსიმალურად თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, თუმცა ძალიან მოკლედ მაინც ვიტყოდი, რომ ადამიანმა მოგება და წაგება – ორივე კაცურად უნდა მიიღო. მოიგებ, თუ წააგებ, ორივე კაცურად უნდა მიიღო, თუმცა მელიას არ ესმის ერთი რამ – როდესაც წააგებ, უნდა გეყოს კაცობა, უნდა გეყოს ღირსება და გამარჯვებულს, შენს კონკურენტს უნდა მიულოცო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კაცობა და ღირსება მელიას ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და ეს ძალიან ბევრ რამეში გამოიკვეთა და დადასტურდა. მაგალითად, ის, რომ ის დღეს ფორმალურ თავმჯდომარეს წარმოადგენს. სააკაშვილის ჩვეულებრივი „ხელის ბიჭია“ და რა თქმა უნდა, აქ რაიმე კაცობაზე და ღირსებაზე საუბარი ზედმეტია. ასევე ერთი რამ – წაგებული კაცები მუშტებს აღარ იქნევენ.
ჩვენ ასევე, ვიხილეთ ბატონი მელია არჩევნებში აჭარაში, კერძოდ, ბათუმში ჩასული და სასტუმროდანაც კი ვერ ბედავდა გამოსვლას და ბათუმმა, აჭარამ მას შესაბამისი პასუხი გასცა და ეს დამოკიდებულება და ეს პასუხი, რომელიც მან აჭარაში მიიღო, არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ, რომელიც ფიქტიური თავმჯდომარე გახლავთ. ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ,“ – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ფორმულას“ ეთერში კალაძე გააკრიტიკა და მას ნაძირალა უწოდა. მისივე თქმით, არაადამიანობაა, როდესაც იცი რა ხდება უკრაინაში, გჯერა, რომ იქ ეთნიკური წმენდა, გენოციდი მიდის და სხვა კომენტარს აკეთებ, იმიტომ რომ შენი პოლიტიკური პოზიციები არ დასუსტდეს.
„კალაძე და ოხანაშვილი რასაც საუბრობენ – ეს ადამიანები არიან უკიდეგანოდ ნაძირლები. ანუ რისი არ სჯერა კალაძეს? არც ერთი მათ სიტყვის არ მჯერა უკრაინაშიო, აი, ასე მიაძახა კალაძემ. რისი არ გჯერა კალაძე? იმისი, რომ 1500-მდე ფრთოსანი რაკეტაა მშვიდობიან მოსახლეობაზე დაცემული ამ ერთი თვის განმავლობაში? იმისი არ გჯერა, რომ მარიუპოლში დღესაც შვილები… მეც შვილი ვარ და შენც შვილი ხარ, დედმამიშვილი ხარ და ოკუპირებული ქვეყნის შვილი ხარ ბოლო-ბოლო, მეც შენ და ყველა ვინც ახლა გვისმენს და იცი, რომ ეს ადამიანები აწამეს, გააუპატიურეს, პოლონელი ჩვენი მეგობრები საუბრობენ, რომ 40 ბავშვია გაუპატიურებულიო, რომელიც გამოიყვანეს და ამისი არ გჯერა?“ – განაცხადა მელიამ.