რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქში, ფსკოვში 60-მდე სამხედრო მოასმსახურემ უკრაინაში საბრძოლველად წასვლაზე უარი თქვა – ინფორმაციას BBC გაზეთ ფსკოვის პროვინციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ომის პირველი დღეების შემდეგ სამხედროები ჯერ ბელარუსის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ფსკოვში განლაგების ადგილზე დააბრუნეს. გაზეთის ცნობით, მათი უმეტესობა სამსახურიდან გაათავისუფლეს, ნაწილს კი მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებით ემუქრებიან.
BBC-ს ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსი სამხედროები ომში ჩართვაზე უარს ამბობენ – კრასნოდარში რუსეთის გვარდიის თანამშრომლებმა ომში წასვლაზე უარი თქვეს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ, ბომბავენ და კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.