რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა საქართველოდან რუსეთში, “დაავადებების გადამტანი კოღოების და ტკიპების მომრავლებაზე” ისაუბრა.
კირილოვი საუბრობს აშშ-ის მიერ შექმნილ უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებსაც მათი აზრით, ”დაავადების გადამტანი კოღოების გასავრცელებლად” იყენებენ.
კირილოვის განცხადებით, ლუგარის ცენტრის დისლოცირების რეგიონში, “განსაკუთრებით უარესდება ვითარება გადამტანი მწერების მიერ გავრცელებული დაავადებების თვალსაზრისით”.
“ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, სხვადასხვა სახეობის კოღოების, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთში გვხვდებოდა, გავრცელების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ“ – ამბობს კირილოვი.
ამასთან, მისი თქმით, ამერიკელი სპეციალისტები უკრაინაში სწავლობდნენ მწერებს, რომლებსაც შეუძლიათ ინფექციების გადატანა.
მისი აზრით, აშშ-ს მიერ პროქტ „P-781“-ს ფარგლებში ღამურების, როგორც ბიოლოგიური იარაღის გადამტანი პოტენციური აგენტების, შესწავლა მოხდა. კირილოვი ამბობს, რომ მსგავსი პროექტები ხორციელდება საქართველოს ბიოლოგიური ლაბორატორიის მონაწილეობით.
მან ასევე, სლაიდზე წარადგინა ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში 2007 წლიდან. მისივე გამოთვლებით, ამ დაავადებით მხოლოდ რუსული საწარმოების პირდაპირმა ეკონომიკურმა ზარალმა 100 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, ირიბმა ზარალმა კი 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა.