დავით უსუფაშვილი – „ოცნების” ლიდერების განცხადებები არამხოლოდ ახლომხედველობის, არამედ საკუთარი ცხვირის წინ ვერაფრის დანახვის ნიმუშია

ოცნების” ლიდერების განცხადებები არამხოლოდ ახლომხედველობის, არამედ საკუთარი ცხვირის წინ ვერაფრის ვერ დანახვის ნიმუშია, იმდენად ცხვირაწეული ელაპარაკებიან მთელ მსოფლიოს, რომ წარმოუდგენელ ვითარებაში აგდებენ ქვეყანას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ტიპის თემების ისეთ დროს წამოწევა ქვეყნის მიმართ, რომელიც ფრონტის ხაზზეა და იბრძვის მათ შორის საქართველოს ხვალინდელი დღისთვისაც, მიუღებელია.

„რაც შეეხება ვიზიტს, ყველაფრის მოგვარება ჯერ კიდევ შეიძლება ისე, რომ სახელმწიფო წარმოჩნდეს სოლიდურად და გაძლიერდეს პოზიციები დემოკრატიულ სამყაროში. თუ რაიმე კითხვებია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, ესეც მუშა პროცესში უნდა მოგვარდეს. პოლიტიკური ლიდერები არ გვჭირდება იმისთვის, რომ პრობლემები გააღრმაონ. ასეთი განცხადებები არის ის, რომ ცხვირაწეული ადამიანი ვეღარაფერს ხედავ, ვერც საკუთარ ქვეყანას, ვერც საკუთარი ხალხის ინტერესებს და ვერაფერს. თუ ამ გზით ვივლით, მაშინ შეიძლება საქართველოს მთავრობა აღმოჩნდეს იმ ბანაკში, რომელიც აღარ გულშემატკივრობს უკრაინაში უკრაინის გამარჯვებას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არსებობს მზაობა უკრაინაში უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე შედგეს ვიზიტი, თუმცა არის მკაფიო წინაპირობები. კობახიძე მათ შორის “ყველაზე პრინციპული საკითხად” ასახელებს იმას, რომ “დღემდე ადამიანები, რომლებიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ლიდერები არიან, უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე არიან წარმოდგენილი”.

“ესენი არიან, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. ზურაბ ადეიშვილი, გენერალური პროკურორის მრჩეველი. გია ლორთქიფანიძე, რომელიც გახლავთ დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და დავით არახამია, პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე. ეს არის სამწუხარო,”- განაცხადა კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share