54 წლის ირმა მჟვანაძე ვაჟთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. ის “გურიის მოამბის” რედაქციას დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. როგორც ქალბატონი გვიყვება სამი წელი ოზურგეთის მერიაში დადიოდა და ადმინისტრაციას სახლის გადახურვას თხოვდა, რადგან წვიმის დროს, სახლში გაჩერება ფაქტიურად შეუძლებელი იყო, ნელ-ნელა კედლებმა დაშლა დაიწყეს და ერთი თვის წინ სახლის კედელიც ჩამოინგრა. თითქმის განადგურდა ყველა ნივთი რაც სახლში ქონდათ, ახლა დროებით სხვის სახლში ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა რომ სოფლის გამგებელი მიხეილ ცქვიტიშვილი მისი მოვალეობის ფარგლებში ყველაფერს ცდილობს, ქალბატონის თქმით ჯერ მათ დასახმარებლად არაფერი გაკეთებულა.
“გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ტოქსიკური ჩიყვი მაქვს და არასწორი მკურნალობის გამო უფრო და უფრო უარესად გავხდი, დამჭირდა გულის ოპერაციის გაკეთება, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, ფიზიკური შრომა არ შემიძლია, სამი წელი ვიარე მერიაში, ვითხოვდი სახლი დაეხურათ, არ მომაქციეს ყურადღება და ერთი თვის წინ კედელი მთლიანად ჩამოგვენგრა. სხვის სახლში ვცხოვრობთ. სარეცხის მანქანიდან დაწყებული, ყველა ნივთი რაც გვქონდა დაიმტვრა და გამოუსადეგარია. სოციალურზე მუდმივად მაღალი ქულები მომდიოდა. რამდენჯერაც დავწერე, იმდენჯერ უფრო მაღალი ქულა მივიღე. ახალგაზრდა ბიჭი მყავს, რასაც ახერხებს კი მეხმარება, მაგრამ ამ შემოსავლით სახლს როგორ ავაშენებთ? მე მუდმივად წამლები და მკურნალობა მჭირდება. ვთხოვ ადგილობრივ ხელისუფლებას ყურადღება მოგვაქციონ და უფრო გულისხმიერად მოეკიდონ ჩვენი ოჯახის ტრაგედიას”
ასე გამოიყურებოდა სახლი ჩამონგრევამდე
ეს უკვე რამდენიმე დღის წინ გადაღებული ფოტო,ასე გამოიყურება მჟავანაძეების სახლი სოფელ ნაგომარში