ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ს დავასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება ვრცელდება, რომელიც PRnewswire.com-ზე გამოქვეყნდა.შვეიცარიული ბანკის მხრიდან დაზარალებული ბენეფიციარების ინტერესების დამცველი ჯგუფი, CS Victims აცხადებს, რომ Credit Suisse დადგენილი სტანდარტების დარღვევით, აგრძელებს უარის თქმას გერნსის ტრასტის მეშვეობით საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მითითებების შესრულებაზე.
“11 და 14 აპრილს დამატებითი ინსტრუქციები გაიცა და მეურვემ კიდევ ერთხელ გადადო გადახდა ყოველგვარი სათანადო დასაბუთებისა და არგუმენტებზე დაფუძნებული განმარტების გარეშე. კლიენტი კვლავ პასუხობდა მეურვის შეკითხვებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის 29 აპრილის პასუხზე, თუმცა მეურვემ ახალი „ანტირეკორდი“ დაამყარა ტრასტის პირობებისა და ბენეფიციარების ძირითადი უფლებების უხეში დარღვევით.”
მეურვე არასათანადოდ მას შემდეგ მოიქცა, რაც ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო CS Life-ის წინააღმდეგ (Credit Suisse-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია) და მას დაავალა მოსარჩელეებისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა. სექტემბერში დაგეგმილია სასამართლო პროცესი სინგაპურის სასამართლოში Credit Suisse-ის მიერ დანიშნული მეურვეების ქმედებების შედეგად 800 მილიონ დოლარზე მეტი ზარალის მიყენების თაობაზე.
PRNewswire ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადებასაც ავრცელებს, სადაც ის Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
“ის ფაქტი, რომ Credit Suisse-ის შვილობილმა კომპანია Guernsey-მა ვერ შეასრულა 11 აპრილის ინსტრუქციები, მიუთითებს ბანკის ქცევის მოდელზე, რომელიც არ ემსახურება ბენეფიციარების ინტერესებს და არღვევს შესაბამის სტანდარტებს. მეტიც, ეს გვაფიქრებინებს, რომ Credit Suisse ცდილობს გამოიყენოს პოლიტიკური ზეწოლა, როგორც საშუალება, შელახოს ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია და უნდა, რომ ეს ასე იყოს კვალიფიცირებული. სამწუხაროდ, ჩვენ აღარ გვიკვირს ეს ქმედებები Credit Suisse-ის ურთიერთობების ისტორიასა და სასამართლო პროცესების გათვალისწინებით, რომელსაც კლიენტი აწარმოებს სხვადასხვა იურისდიქციაში. ექსტრაორდინარულად მიგვაჩნია, რომ Credit Suisse-ი განაგრძობს თავისი მოვალეობების შეუსრულებლობასა და კლიენტების უპატივცემულობას, როდესაც ბანკი ამდენი პრობლემის წინაშე დგას. ეს დამატებითი შეფერხება ყოველგვარი საფუძვლისა და დამაჯერებელი მიზეზების გარეშე არ წარმოადგენს გამონაკლისს Credit Suisse-ის ქცევის მოდელში და კლიენტის უფლებების დარღვევა ბანკის ერთადერთი შეცდომა არ არის”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი.
მაშინ, როდესაც Credit Suisse-ი ახალი “ანტირეკორდის” დამყარების პროცესშია, ისიც უნდა ითქვას, რომ Credit Suisse-ის მიერ კლიენტის უფლებების დარღვევა შვეიცარიის სასამართლოებში გრძელდება. სასამართლოების ასეთი ჩართულობის გამო, Credit Suisse-ის ვალდებულება კლიენტისთვის ვალის დაფარვის შესახებ შეუსრულებელი დარჩა არა 36 დღის, არამედ 36 თვის განმავლობაში. ოთხშაბათს დამატებითი მასალა გამოქვეყნდება, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ როგორ იყენებს Credit Suisse-ი სასამართლო სისტემას დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და საბანკო სტანდარტების დარღვევისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.