“გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
გუშინ, მთავრი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას, ქართულმა სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა, რის შესახებაც ამერიკის ელჩმა თბილისში თქვა, რომ “შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ.”
ამასთან, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წამყვანმა წევრმა, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა ტვიტერის ქსელში დაწერა, რომ „პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს.“ ეს ის არხია, რომლისთვისაც მე ვმუშაობ და არ მაქვს გარანტია, რომ მომდევნო კვირას სამსახური მექნება, იგივე გამოწვევის წინაშე დგას ჩემი გუნდი თბილისში. ამიტომ გეკითხებით, აშშ-ის მთავრობის პოზიციის გათვალისწინებით მედიის თავისუფლების მნიშვნელობის შესახებ, რა არის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია ამ შემთხვევასთან დაკავშირებით?, – იკითხა დემნა დევდარიანმა.
რაზეც ნედ პრაისმა ასე უპასუხა:
“ჩვენ საკმაოდ მკაფიო და გულწრფელები ვართ ქართველ პარტნიორებთან დემოკრატიის საყრდენების გაძლიერების განგრძობად საჭიროებებზე საუბრისას, რისი ნახვაც გვინდა საქართველოში და ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას.
ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან პარტნიორობას დემოკრატიული, წარმატებული, მშვიდობიანი და ევრო-ატლანტიკური მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, თქვენ ჩვენგან გამუდმებით გესმით საუბარი თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის როლის შეუცვლელობაზე მსოფლიოში.
გასულ წლებში უამრავი ჟურნალისტი გახდა დაშინებისა და ჩაგვრის მსხვერპლი, მათი მუშაობა ჩაახშეს და უამრავი მათგანი ტრაგიკულად იქნა მოკლული. ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან”, – ამბობს პრაისი.
მთავარი არხი