”2003 წელს, 14 წლის ვიყავი, ვარდების რევოლუცია რომ მოხდა. ასაკიდან გამომდინარე, დიდად ვერ ვხვდებოდი, რა პროცესები მიმდინარეობდა, მაგრამ, რასაც ვგრძნობდი ის იყო, რომ ხალხს გვიხაროდა, ძველი კორუმპირებული ხალხის ქვეყნიდან გაქცევა და ნელ-ნელა იმედიც ჩნდებოდა, რომ ერთად, უკეთეს საქართველოსაც ავაშენებდით. გაქცეული კორუმპირებულების ერთ-ერთი მთავარი სახე კი ლევან მამალაძე იყო. მთელი ოქრო გაზიდაო, ამბობდნენ. გაზიდა, ხახვივით შერჩა და გაიქცაო.
მერე უკვე ლევანიც აღარ გვახსოვდა არავის, წავიდა, წაიღო ჩვენი ფული, მაგრამ აქ მაინც აღარ იყო, რომ კიდევ არ გაეგრძელებინა ჩვენი ძარცვა.
გავიზარდეთ, განვვითარდით, ვარდების რევოლუციის შემდეგ უკვე იმდენი ხანი გავიდა, რომ დღეს ვინც 14 წლისაა, ამ მოვლენების შესახებ მხოლოდ წიგნებიდან და ადამიანების ნაამბობიდან იცის, ისევე როგორც, მაგალითად მე, მხოლოდ მონათხრობითა და წაკითხულით ვიცი რა მოხდა 9 აპრილს.
დღეს დილით კი შემომხვდა სტატია, ლევან მამალაძე დაბრუნდა, ამნისტია შეეხოო. რამდენიმე წყარო გადავამოწმე, გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა დეზინფორმაცია ყოფილიყო.
რა მანქანებით ვახერხებთ, რომ პრობლემა, რომელიც მოვიცილეთ 2003 წელს, მე რომ 14 წლის ვიყავი, ხელახლა გაჩნდა იმ ადამიანებისთვის, ვინც 2008 წელს დაიბადნენ?
ამ ხალხს ხომ უკეთეს ქვეყანაში უნდა ეცხოვრა? საკუთარი ქვეყნის მოღალატეებისა და მძარცველების გარეშე?” – წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი მებო ნუცუბიძე.