ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა ვიდეომიმართვას ავრცელებს და ოპოზიციურ ერთობაზე ლაპარაკობს, რომელიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმაც ამოიღო მიზანში.
უგულავას თქმით, სააკაშვილმა ოპოზიციას ზურგში დანა ჩაარტყა და ეს ვანო მერაბიშვილის წაქეზებით გააკეთა.
“შარშან, ოპოზიციის არნახული ერთიანობის ფონზე, როცა ლეიბორისტების ოფისში ვიკრიბებოდით, უცნაურად გაისმა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ალტერნატიულ ცენტრად გამოცხადების შესახებ.
უხერხულობას მისივე თანაპარტიელებიც გრძნობდნენ, თუმცა, ერთიანობის მუხტი ისეთი ძლიერი იყო, რომ ბიბლიოთეკას პროფილის შეცვლა არ მოუწია. ვინც იქ სააკაშვილს არ იცნობდა, გაკვირვებული დარჩა. მიშა ბორგავდა და არ მოსწონდა ფორმატი, სადაც პირადად ის არ იყო ერთპიროვნული ლიდერი.
თორემ, ენმ-ი, ცხადია, ამ ერთობის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო. ასე ამოიღო ეს ერთობა მიზანში არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ – მიშამაც. ის, რაც ვერ მიაღწია ივანიშვილმა, ეფექტურად განახორციელა სააკაშვილმა.