“ოჯახში როცა რაღაც დავა არსებობს, ხომ არ შეიძლება მეზობლის დასკვნას დავეყრდნოთ?”, – ასე უპასუხა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში კითხვას – “თუ ხმების გადათვლის კუთხით ყველაფერი კარგად არის, რატომ გაუჩნდა ამ პროცესთან მიმართებით კითხვები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს”.
კობახიძემ აღნიშნა, რომ დეპარტამენტის მხრიდან კითხვის ნიშნების არსებობა შესაძლოა, არასათანადო ინფორმაციის მიწოდებით იყოს განპირობებული.
“თუ ეჭვები არის გადათვლის პროცესთან დაკავშირებით, მიზეზი შეიძლება იყოს არასათანადო ინფორმაცია. ჩვენ ხომ ფაქტებით უნდა ვისაუბროთ. ოჯახში როცა რაღაც დავა არსებობს, ხომ არ შეიძლება მეზობლის დასკვნას დავეყრდნოთ როცა ვიცით, რომ ქმარი სცემს ცოლს მაგალითად. მეზობელში ვიგულისხმე საერთაშორისო დამკვირვებელი, რომელსაც ვიღაც აწვდის ინფორმაციას. მთავარი ფაქტი ხომ ის არის ქმარმა ცოლი სცემა თუ არ სცემა. მე გეუბნებით, რომ ქმარს ცოლი არ უცემია, ეს რას ნიშნავს – მე გეუბნებით იმას, რომ ამ პროცესს აკვირდებოდა ყველა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია. არის ეს პროცესი გამჭვირვალე თუ არა?”, – თქვა კობახიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა, 18 ნოემბერს, სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის პარალელურად პრესკონფერენცია გამართეს და საქართველოს შესახებ ისაუბრეს. მათ განაცხადეს, რომ საქართველო ახალი დემოკრატიაა, რომელიც ინსტიტუტებს დაახლოებით 20 წელია აშენებს და ეს პროცესი ჯერაც გრძელდება.
მათივე თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში არაერთხელ ჩატარდა არჩევნები, დარღვევები კი მუდმივად ერთი და იგივეა: ხმების მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რაც იმით გამოიხატება, რომ საჯარო მოხელეები უზრუნველყოფენ ხმებს მოქმედი ხელისუფლებისთვის.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.
ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამ მოთხოვნით უკვე რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის II რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებას ელოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი იმას, რაც ოცნებამ მათ შესთავაზა, აღმაშფოთებელი და მიუღებელი უწოდეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. მოგვიანებით კახა კალაძემ თქვა, რომ ოპოზიციას 1500 უბნის გადათვლა შესთავაზა, რასაც ოპოზიცია არც განიხილავს, ვინაიდან, მათი თქმით, ამან აზრი დაკარგა.
პარტიების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ 13 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ, არ დაეკმაყოფილებინა ოპოზიციის და NGO-ების არც ერთი საჩივარი, დიალოგის ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა.