67 მეტრიანი ფრთის დაუჯერებელი ტრანსპორტირება, რომელმაც ხალხი საგონებელში ჩააგდო

დღეს ზეგრძელი და მეგა-გაბარიტული  ტვირთების საერთო გამოყენების გზებზე გადატანით ვერავის გააოცებ, მაგრამ იმან, რაც ლუქსემბურგში დაფიქსირდა კომპანია P. Adams Schwertransporte-ს მიერ, საზოგადოება ფაქტიურად ააფეთქა – საქმე იქამდეც მივიდა, რომ მომხდარი ფოტოშოპად შერაცხეს!

ერთი შეხედვით, გავრცელებული ფოტოებიდან მართლაც ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რადგანაც მსგავსი დაუჯერებლად გამოიყურება – ქარის წისქვილის 67 მეტრიანი ფრთა ერთი მხრით დამაგრებულია თვითმავალ მოდულურ პლატფორმაზე (SPMT), ხოლო მისი მეორე მხარე ცაშია აღმართული, თანაც – 45 გრადუსიანი დახრით! უფრო მეტ კონფუზს იწვევენ ფოტოები, რომლებშიც პლატფორმა დასახლებულ პუნქტში გადაადგილდება, სადაც უამრავი ბოძი და ელგაყვანილობაა.

კომპანიის განცხადებით ფოტოები რეალურია, უბრალოდ გადაღებულია ფართეკუთხიანი დრონის კამერით, ამიტომ ეფექტი გაცილებით მძაფრია.

სკეპტიკოსებს კი, კომპანიამ შეახსენა 2018 წელი, როცა გადატანილ იქნა ქარის წისქვილის 88 მეტრიანი ფრთა, თუმცა მაშინ, ის პლატფორმაზე განლაგებული იყო მკაცრად ჰორიზონტალურად (ფოტო ქვემოთ).

კომპანია P.Adams Schwertransporte სპეციალიზირდება მძიმეწონიანი და მსხვილგაბარიტიანი ტვირთების გადაზიდვაზე და ამ სფეროში სპეციალისტები არიან.

ავტორი: ირაკლი სალუქვაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share