საპყრობილეში მყოფი ოზურგეთელი ბიზნესმენი მეოცე დღეა შიმშილობს

წინასწარ პატიმრობაში მყოფი ოზურგეთში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი იგორ ასკაროვი პროტესტის ნიშნად #2 ციხეში უკვე 20 დღეა შიმშილობს.

შიმშილობის მიზეზად ის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ციხის ადმინისტრაციის მიერ სამედიცინო კონსილიუმის შექმნის მოთხოვნაზე უარის თქმას ასახელებს.

გთავაზობთ იგორ ასკაროვის წერილს, რომელიც მნან ჩვენ, ჟურნალისტებს გამოგვიგზავნა, სრულად:

#2 ციხის ადმინისტრაციის უფროსს ზურაბ ნინიაშვილს.

ისრაელის სახელმწიფო საელჩოს,

ოჯახსა და მასმედიას,

ცრუ ბრალდებული პატიმრის, ისრაელის სახელმწიფო მოქალაქის იგორ ასკაროვის

განცხადება

მინდა გაცნობოთ, რომ ვინაიდან ვერ ვპოულობ გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან ვიწყებ იძულებით, უვადო შიმშილობას ქვემოთ ჩამოთვლილი სამი მიზეზის გამო.

  • 2022 წლის 15 აპრილის სასამართლო გადაწყვეტილება სამედიცინო კონსილიუმის შექმნის შესახებჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით იგნორირებულია თქვენივე კანონის დარღვევით, მოვითხოვ ამ გადაწყვეტილების შესრულებას.
  • თქვენივე კანონის დარღვევით, ამასთანავე ადამიანის ელემენტარული უფლებების დარღვევით, მე და ჩემს მეუღლეს ამ თვეში უარი გვეთქვა პაემნის უფლებაზე. მაშინაც კი, თუ რამეში ბრალს დამდებენ, რაც ძალიან მეეჭვება, უფლება არ გაქვთ წამართვათ მე და, მით უმეტეს ჩემს მეუღლეს ეს უფლება. ჩემი ქართველი მეუღლე მხოლოდ იმაშია “დამნაშავე” რომ ცოლად გაყვა ებრაელს. მან ეს “დანაშაული” გამოისყიდა დამტვრეული ნეკნებითა და გატეხილი თავითრიგითი ებრაული “პოგრომის” დროს, ის წლების განმავლობაში იტანდა მისი მშობლიური ქალაქის – ოზურგეთის პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან დამცირებასა და შევიწროებას. გთხოვთ დაინდოთ ის, რადგან თუ მას დავკარგავ, თქვენც იქნებით ამაში დამნაშავე.
  • თქვენი ექიმებისგან განსხვავებით, ჩემმა მეუღლემ იცის, რომ ვარ მძიმედ ავად. მაქვს გულის დაავადება და ამ დიაგნოზით 68 წლის ასაკში ხანგრძლივი დროის განმავლობაში წამლების მიუღებლობა გამოიწვევს ჩემს გარდაუვალ სიკვდილს. ამდენი ხანია ორივე მოვითხოვთ აგვიხსნათ თქვენი კანონებიდან გამომდინარე რას ნიშნავს გამოთქმა “წამლები უნდა იყოს შეფუთული”. როგორი შეფუთვაა კიდევ საჭირო გარდა არსებულისა-ქარხნულისა? რატომ არ მაძლევენ აგერ უკვე სამ თვეზე მეტია იმას მაინც, რისი გადმოემის უფლებაც მას აქვს და რატომ არიან დაკავებული მხოლოდ ამ წამლების ჩვენებით, რასაც თან ახლავს დამამცირებელი და აზრს მოკლებული კომენტარები?

ხელს ვაწერ ამ განცხადების ყოველი სიტყვის ქვეშ და იმისათვის, რომ თქვენი პასუხები იყოს მაქსიმალურად მართალი. მზად ვარ წინასწარი დიალოგისთვის იმ პირობით, რომ თქვენი ახსნა-განმარტებები არ იქნება აშკარად შეურაცხმყოფელი ან ტყუილის შემცველი, წინააღმდეგ შემთხვევაში დიალოგი შეწყდება, ხოლო შიმშილობა გაგრძელდება.

გასაგები მიზეზების გამო მოვითხოვ წერილობით ახსნა განმარტებებს ჩვენი უფლებების დარღვევის თაობაზე. ზეპირი პასუხები ჩემტვის მიუღებელია იმის, გამო რომ ისინი მუდმივად დიამეტრულად საპირისპიროა. საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუკის ჩემს გვერდზე “igor askerov”. ექიმების ჩართვა ფიზიკური ძალადობის ტოლფასია.

იგორ ასკაროვი, ქუთაისი, #2 საპყრობილე. კამერა # c-223

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share