“ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს – თავში”-გივი სიხარულიძე

“მე ოპოზიციის ისევე არა მწამს, როგორც პოზიციისა. არც ერთ პარტიას არ ვემხრობი და არც ერთს პატივს არ ვცემ, რადგან მათ ჩემი სამშობლო არ უყვართ. დღეს საქართველოში ყველა თავის კეთილდღეობასა და პირად ინტერესებზე ზრუნავს – ეს დიდი უბედურებაა ნებისმიერი ერისთვის. მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავუჭერდი ვინმეს მხარს: თუ პოლიტიკურ ასპარეზზე მერაბ კოსტავასნაირი ერისკაცი გამოჩნდებოდა. დღევანდელი პოლიტიკოსები ჩემთვის უნიჭო არტისტები არიან, რომლებიც საქართველოს ბედით ვაჭრობენ. ამიტომ, არავისთვის ხმა არ მიმიცია და არც მივცემ, რადგან მათ შორის ჩემი ერის მოყვარულ, ერთგულ ადამიანებს ვერ ვხედავ.

სიმართლე გითხრათ, არჩევნებში ჩემს თავსაც არ მივცემდი ხმას, რადგან მე კრისტალური ადამიანი არ ვარ და არ მინდა, ჩემი ხალხი მოვატყუო. მიუხედავად იმისა, რომ არავის ვემხრობი, მგონია, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ჭკვიანია და ვერ მოერევიან. მარტივი ლოგიკაა: რომ მოგერიო, შენზე უკეთესი, შენზე გონიერი და წესიერი უნდა ვიყო, მაგრამ თუ ნაძირალა ვარ, ხალხი როგორ გამომყვება ან რატომ დამიჯერებს? ჩემი აზრით,

ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს – თავში. ერთი კარგი გამონათქვამია: ისეთმა ძროხამ უნდა დამწიხლოს, რომელიც ჩემზე მეტს იწველისო – აქაც იგივე სიტუაციაა. ჩემი აზრით, ეს ძალად ოპოზიცია სულ მალე პარლამენტში შეცუნცულდება და ამას ყველა დავინახავთ. ახლა კი გაიძახიან – არჩევნები გააყალბესო, მაგრამ ამ არჩევნების შედეგები მთელმა მსოფლიომ აღიარა: თქვეს, რომ ხარვეზებით, მაგრამ მაინც ჩატარდა. იმიტომ, რომ ვიღაცას მისი შედეგი არ მოეწონა, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს? კი ბატონო, ჩატარდეს ხელმეორე არჩევნები, მაგრამ ესენი რომ მოვიდნენ, მაშინ გვეშველება? ხალხმა ვინმეს რომ დაუჯეროს, წესიერი ხალხი უნდა იყოს ოპოზიციის სათავეში და არა თავის თავზე შეყვარებული ვირთხები. ვის დავუჯერო? – ალეკო ელისაშვილს თუ “გირჩს”, რომლის წევრებიც ახალგაზრდებს პლანის მოწევისკენ მიუთითებენ?

მართალია, პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ ერთი რამ მშვენივრად ვიცი: დღეს ჩვენ პოლიტიკოსები არა გვყავს, ესენი მასხარები არიან. ვინ არიან პოლიტიკოსები? – ის ახალგაზრდები, რომლებიც ათას სკამზე თუ პარტიაზე გადამხტარი პოლიტიკოსების შვილები არიან? ეგენი არიან ერის მხსნელები და გადამრჩენლები? ევროპელები ვართო, იჩემებენ, ამ დროს გამოდის ნიკა გვარამია და ამერიკის და გერმანიის ელჩს აგინებს. ვის უნდა დავუჯერო, ერთი მითხარით. დღეს ჩვენ ოპოზიცია არა გვყავს – ამას ვამბობ მე, გივი ვარ სიხარულიძე და ისე ვმსჯელობ, როგორც ყველა ნორმალური კაცი უნდა მსჯელობდეს. მშვიდობიან რევოლუციაზე ლაპარაკობენ, მე მინდა ყველას შევახსენო საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია, რომლის მამამთავრები რობესპიერი და დალტონი იყვნენ. ამ ადამიანებმა უამრავ მომხრეს და თანამებრძოლს, რომელიც ამ რევოლუციაში მონაწილეობდა, შარი მოსდეს, ბოლოს გილიოტინაზე აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. რობესპიერმა თავის უახლოეს თანამებრძოლს – დალტონსაც იგივე მიუსაჯა, რაც სხვებს და მასაც თავი მოჰკვეთეს. როცა დასასჯელად მიჰყავდათ, დაინახა, რომ რობესპიერი ფანჯრიდან ჩუმად უყურებდა და შესძახა: მალე შენც გილიოტინაზე დაამთავრებ სიცოცხლესო. მართლაც, ასე მოხდა: რამდენიმე თვის შემდეგ, როპესპიერიც მკაცრად დაისაჯა. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: რევოლუცია ჰგავს მითურ ღმერთს, რომელიც თავის შვილებს ჭამსო. ეს ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ ნებისმიერი არეულობის და რევოლუციის წინააღმდეგი ვარ – ამას ნებისმიერი ქვეყნისთვის მხოლოდ უბედურება მოაქვს.”-განაცხადა მსახიობმა გივი სიხარულიძემ ჟურნალ “გზასთან” ინტერვიუში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share