ამხელა აგიტაცია მიდის, რომ მთავარია პური არ გაძვირდეს. რა არის ეს, რა მიდგომაა?, – ამის შესახებ ქართველმა ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, რომ პურის ფასი უცვლელად შეინარჩუნოს, არასწორია, რადგან თუ ყველაფერი გაძვირდა პურის გარდა, მაშინ ეს უკვე სიღარიბეს ნიშნავს.
ჭყონიას თქმით, ხელისუფლება პურის გარდა სხვა საკვების ფასებზეც უნდა ფიქრობდეს.
„ოღონდ პური არ გაძვირდეს – ეს სიღარიბის მაჩვენებელია. პური ყოფილა გადამწყვეტი, ერთადერთი პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობის, ენერგიის, გამრავლების. პური თუ გაქვს მრავლდები, ჯანმრთელი ხარ, ბედნიერი ხარ, ცოლი მოგყავს, ქორწილებს იხდი. ამხელა აგიტაცია მიდის, რომ მთავარია პური არ გაძვირდეს. რა არის ეს, რა მიდგომაა? კარაქი არ შეიძლება პურს ხანდახან გადავუსვათ? ან თაფლი, ან ყველი და პური რომ იყოს ერთად არ შეიძლება? პურს არაფერი სჭირდება? ეს არის კატასტროფა, როდესაც სახელმწიფოს უზარმაზარი “მახინა”, სადაც ეკონომისტები არიან, ფიქრობენ იმაზე, რომ პური არ გაძვირდეს. პური გახადეს სიმბოლო ჩვენი ქვეყნის გადარჩენის,“ – აცხადებს თემურ ჭყონია.