გურული კერძები 150 წლის წინ

გურულებსა და მეგრელებს შორის დიდი ხანია დავაა საცივის წარმომავლობაზე, ამ საკითხზე ერთი ასეთი ამბავიც გამიგონია – გურულს უთხრეს:
– საცივი გურულების კერძი არ არისო
– რატომო? იკითხა გურულმა
– იმიტომ რომ გამორიცხულია თქვენ მაგას გაცივება აცალოთო
.
ბარბარე ჯორჯაძის წიგნში – „ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადნი ცნობანი“ აღწერილია რამდენიმე გურული კერძის მომზადების წესი და ინგრედიენტები. წიგნი გამოცემულია 1874 წელი გურული მესტამბის ექთიმე ხელაძის (დაბ.1846 წელს სოფ. მამათში) სტამბაში. დ. ცატავას თქმით ბარბარე ჯორჯაძემ პრაქტიკულად გადაწყვიტა მეგრელებსა და გურულებს შრის დავა საცივის წარმომავლობაზე, მან დაადგინა, რომ საცივი გურული წარმომავლობის კერძია და არა მეგრული, როგორც ამას ადრე ამტკიცებდნენ, რადგანაც მეგრული საცივი გურულისაგან განსხვავებით არ იხარშება.
.
გურული კერძები – ბარბარე ჯორჯაძის წიგნიდან:
.
წვნიანი ქათამი გურულად
.
მსუქანი ქათამი გაბრტყვნილი და გამოშიგნული ასო-ასოთ დასჭერით და გარეცხეთ, ორი სტოლის კოვზი წმინდათ დანაყილი ნიგოზი, ათი მარცვალი მიხაკი და ათი მარცვალი დანაყილი პილპილი, ერთი ჩაის კოვზი დანაყილი დარიჩინი, ერთი სტაქანი წმინდათ დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, და ერთი სტაქანიც დაჭრილი ხახვი მზათ იქონიე, ამოიღეთ მისი შესაფერი ქოთანი ისე ქათამი თითო პირი ჩააწყეთ და თან ეს დამზადებული მასალა მოაყარეთ, აგრეთვე ერთი ჩაის კოვზი მარილი, შემდეგ მოასხით ნახევარი სტაქანი ცხარი ძმარი; ზედ დაასხით იმოდენა წყალი რაოდენიც დაჰფარავს, შემდეგ პირი კარგად დაუხურეთ, სული არ ამოჰქრეს და ისე მოხარშეთ, ორჯერათ კი მოურიეთ.
.
მოხრაკული ქათამი გურულად
.
ქათამი გაბრტყვნილი და გარეცხილი ასო-ასოთ დასჭერით, ჩააწყეთ ქოთანში, თან ჩაატანეთ ექვსი მარცვალი დანაყილი მიხაკი, ათი მარცვალი დანაყილი პილპილი, ერთი ჩაის კოვზი დანაყილი დარიჩინი, ერთი ცერცვის ტოლი დანაყილი კოჭა, ერთი ჩაის კოვზი მარილი, ერთი სტოლის კოვზი დანაყილი ნიგოზი. ორი თავი წმინდათ დაჭრილი ხახვი, ორი ძირი ქინძი, ორი ძირი ოხრახუში, ნახევარი ფინჯანი ძმარი; ეს მასალა სილ ჩააწყეთ და ნელ ცეცხლზედ დაადგით ქოთანი, ხანდახან მოურიეთ და პირს კარგად სული არ ამოჰქრეს, ისე მოხრაკეთ, წვენს თვითონ გაუშვებს. რომ შეატყოთ ეყო, გადმოდგით.
.
შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share