ფილოლოგი გია მურღულია ღმერთსა და ეშმაკზე ძალიან საინტერესო ჩანაწერს გვიზიარებს:
“ღმერთი ამბობს: “ჩვენ”, ხოლო ეშმაკი ამბობს: “მე”.
ღმერთის ნათქვამში “მე” სრულად მოჩანს, ეშმაკის ნათქვამში არსად ჩანს “ჩვენ”.
ღმერთი აერთიანებს სახის დაუკარგავად, ეშმაკი ყოფს სახის შეუნარჩუნებლად.
ღმერთთან ერთად მთელი სამყარო შენთანაა, ეშმაკთან ერთად შეუცვალებელი მარტოობა გარანტირებული გაქვს.
ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სინათლის ანგელოზმა უფრო მეტი მოინდომა, ვიდრე ეკუთვნოდა.
ახლა ძალიან პოპულარულია სიტყვა “წარმატება” და ყველა მას ესწრაფვის. სახელძღვანელოები და ყველანაირი მოდგმის მასწავლებლები ყოველდღიურად გვმოძღვრავენ, როგორ უნდა გავიღოთ ყველაფერი, რათა წარმატებას მივაღწიოთ ანუ საკუთარ თავს “წარვემატოთ”. ერთი შეხედვით, ეს “განვითარებას” ჰგავს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, თანამედროვე კონტექსტით, უფრო “მოპოვებას” ნიშნავს.
ყველაფერს რომ მოპოვებას დაუქვემდებარებ, შესაძლოა ის დაკარგო, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია – ღირსება.
ყველაზე მეტად წარმატებული ადამიანი ის არის, ვინც, განვითარებასთან ერთად, არდასაკარგავს ნაკლებს კარგავს – განვითარებას მხოლოდ სიყვარულთან ერთად აქვს აზრი.
“ჩვენ” – სიყვარულია.
“მე” – ნარცისიზმი და ეგოიზმი.
“მე და შენ” მეტია, ვიდრე მხოლოდ “მე”.
ამის მიხვედრა ღმერთის შეცნობაა.
ის, ვინც მხოლოდ საკუთარ თავთან რჩება, ვერაფერს ხვდება, ეშმაკის განცდის გარდა.
“მე და შენ” – ამით მივესალმოთ ახალ, 2021 წელს.
ეს არის ცნობიერება, რომელიც იმარჯვებს და ყველაზე მეტად სწორედ ის სჭირდება დღეს და მომავალშიც ჩვენს საქართველოს.”
“არტინფო”