პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ „გირჩი“ და ელისაშვილის პარტია „ოცნების“ ისეთივე ნაწილები არიან, როგორც „ყაველაშვილის ტრიო“.
„სასაცილოა, როდესაც პოლიტიკური „პრასტიტუტკა“ პოლიტიკურ „წმინდანს“ აკრიტიკებს. ბარიერის დაწევის საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ მართლა ვვაჭრობთ, ოღონდ საჯაროდ ვაკეთებთ ამას და პირადად არანაირი საუბარი არ გვქონია. პოლიტიკოსებისთვის საჯარო პოლიტიკური ვაჭრობა ჩვეულებრივი ამბავია. იმ გაგებით, რა გაგებითაც პოლიტიკურ ვაჭრებს უწოდებენ საქართველოში შეურაცხმყოფლად პოლიტიკოსები ერთმანეთს, ჩვენ პოლიტიკური წმინდანები ვართ. არავისთან არ შევსულვართ არანაირ მსგავს გარიგებაში, არ გვისარგებლია. არ ვყოფილვართ ჯერ „ნაცი“, მერე „ქოცი“, მერე „ნაცი“ და არ ვაპირებთ კიდევ „ქოცობას“. როდესაც პოლიტიკური „პრასტიტუტკა“ პოლიტიკურ „წმინდანს“ აკრიტიკებს, ხომ სასაცილოა“ – განაცხადა ხვიჩიამ.