როცა ფული გაქვს და ვერ ხარჯავ – საქართველოს მთავრობამ 15 მილიონი გადაიხადა საქმეში, რომელიც ვერ გააკეთა

საქართველოს მთავრობა, ცენტრალურიც და ადგილობრივიც სხვადასხვა პროექტისთვის ყოველწლიურად მსხვილ სესხებს იღებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან. ეს პროექტები ან ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ სრულდება. ანუ ერთი მხრივ, მილიონობით დოლარი გამოუყენებელი რჩება, მეორე მხრივ, კი მილიონობით ლარი იმ სესხის დაფარვაზე მიდის, რომელიც ხელისუფლებამ უბრალოდ არაფერში არ გამოიყენა.

აუდიტის სამსახურის ანგარიშების მიხედვით, ბოლო 5 წელიწადში (2017-2021) სახელმწიფომ აუთვისებელი კრედიტების დასაფარად 15 მილიონი ლარი გადაიხადა.

გარდა იმისა, რომ ბიუჯეტი მილიონობით ლარით დაზარალდა რა არ გაკეთდა? ისევ არ არსებობს მყარი ნარჩენების გადამუშავების სისტემები, არ განახლდა ელექტროსისტემა, არ გვაქვს მეტი ჩქაროსნული მაგისტრალი, ვერ გაიმართა საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისსა და ბათუმში და შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო პროფესიული განათლების სისტემა.

“მეგობრობის ხიდი”, რომელიც 7 წელია შენდება

მხოლოდ მდინარე დებედაზე, საქართველო- სომხეთის საზღვარზე “მეგობრობის ხიდის” ასაგებად, EBRD-სგან აღებული სესხის მომსახურებაში სახელმწიფომ 2017-2019 წლებში 214 000 ლარი გადაიხადა. ამ ხიდის მშენებლობა სახელმწიფომ 2017 წელს დაიწყო და გამოყოფილი თანხის მხოლოდ 4% დახარჯა. 2021 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თქვა, რომ ხიდის მშენებლობა, რომლის ნაწილი საქართველოში, ნაწილი კი სომხეთის ტერიტორიაზე იქნებოდა, 2022 წლის მაისში დასრულდებოდა.

ხიდის მშენებლობა ჯერაც დაუსრულებელია.

ამ პროექტისთვის EBRD-სგან, საქართველომ 6 მილიონი ევრო ისესხა, სომხეთმა – 10,3 მილიონი ევრო. სულ პროექტის ღირებულება 64 მილიონი ევროა. ხელშეკრულებას საქართველომ და სომხეთმა ამ ხიდის ერთობლივად აშენების შესახებ 2015 წელს მოაწერეს ხელი, თავად ამ პროექტზე მუშაობა კი 2012 წელს დაიწყო.

 

2020 წელს მომზადებულ პრეზენტაციაში გზების დეპარტამენტი წერდა, რომ საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ხიდი მწყობრიდანაა გამოსული და იმდენად დაზიანებულია, რომ ახალი ხიდის აშენება გადაწყდა. ეს ხიდი ზემოდან კვეთს საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზს, რაც ასევე საფრთხეს წარმოადგენს სარკინიგზო ლიანდაგისთვისაც. ფოტო გზების დეპარტამენტის პრეზენტაციიდან.
2020 წელს მომზადებულ პრეზენტაციაში გზების დეპარტამენტი წერდა, რომ საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ხიდი მწყობრიდანაა გამოსული და იმდენად დაზიანებულია, რომ ახალი ხიდის აშენება გადაწყდა. ეს ხიდი ზემოდან კვეთს საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზს, რაც ასევე საფრთხეს წარმოადგენს სარკინიგზო ლიანდაგისთვისაც. ფოტო გზების დეპარტამენტის პრეზენტაციიდან.

მყარი ნარჩენები, რომლის ინტეგრირებული მართვა ქუთაისმა ვერ დაიწყო

2016-2019 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტმა თითქმის ნახევარი მილიონი ლარი (412 514 ლარი) გადაიხადა იმის გამო, რომ სათანადოდ ვერ აითვისა ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტისთვის აღებული სესხი. ეს პროექტი სახელმწიფომ 2015 წელს დაიწყო და 2019 წელს უნდა დაესრულებინა. 2019 წელს არცერთი თეთრი არ იყო დახარჯული ამ სესხიდან.

26 მილიონით საქართველოს ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი უნდა მოეწყო. ნაგავსაყრელი ქუთაისში უნდა აშენებულიყო 16 მუნიციპალიტეტისთვის. აქ უნდა მოხვედრილიყო ნაგავი იმერეთიდან რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან. საქართველოს მთავრობას ამ პროექტზე მხოლოდ 4 მილიონი ევრო უნდა დაეხარჯა. 20 მილიონი ევროს სესხს გერმანიის განვითარების ბანკი გასცემდა, 2 მილიონ ევროს ევროკავშირი. კრედიტი გერმანიის განვითარების ბანკისგან საქართველოს მთავრობამ 2013 წლის დეკემბერში აიღო.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის 2020-2025 წლებისთვის განკუთვნილ სტრატეგიაში ნათქვამია, რომ პროექტი მიმდინარეობს. ევროკავშირი ამ პროექტის დასრულებას 2021 წლის აპრილში ვარაუდობდა.

რა არის გაკეთებული 2022 წლისთვის? ნარჩენების მართვის კომპანიამ ახალი ნაგავსაყრელისთვის ადგილი შეარჩია, თუმცა მშენებლობა წინ არის. ახალი ნაგავსაყრელის აშენებამდე ქუთაისის ნაგავი ისევ ძველ ნაგავსაყრელზე იყრება.

კიდევ რისი არშესრულება დაგვიჯდა ძვირი

2018-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტმა 707 000 ლარი გადაიხადა მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამის მეორე ეტაპისთვის აღებული სესხის აუთვისებლობისთვის. ამ პროექტსაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი აფინანსებდა. უნდა აშენებულიყო ნარჩენების გადატვირთვის ახალი არასახიფათო სისტემები. ასევე, დახურულიყო ძველი ნაგავსაყრელები და მუნიციპალიტეტებისთვის ახალი ტექნიკა უნდა ეყიდათ. პროექტზე პასუხისმგებელი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია იყო.

მყარი ნარჩენების მართვისთვის საქართველოს კრედიტი აქვს აღებული EBRD-სგანაც. 2017 წელს ამ პროექტისთვის გამოყოფილი თანხის აუთვისებლობის გამო ბიუჯეტმა 53 000 ლარი გადაიხადა.

EBRD-ი აფინანსებს ასევე თბილისისა და აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტებსაც. სახელმწიფო ვერც ამ პროექტებისთვის აღებულ თანხას ხარჯავს. აჭარის აუთვისებელი თანხის გამო 2017-21 წლებში აჭარის მყარი ნარჩენების მართვისთვის ბიუჯეტმა 94 000 ლარი გადაიხადა. აუდიტის სამსახური წერს, რომ “აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის” საკრედიტო ხელშეკრულებას ხელი 2010 წელს მოეწერა, თუმცა 2017 წლამდე არც პროექტი დაწყებულა და არც სესხის ათვისება. 2010-დან 2017 წლამდე ამ პროექტის სესხის ფარგლებში ბიუჯეტმა 154 600 ევროს ხარჯი გასწია.

47 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა თბილისის მერიას მყარი ნარჩენების მართვის პროექტისთვის 2019-2020 წლებში, თუმცა ამ თანხიდან მხოლოდ 0,6 მილიონი ლარი დახარჯა. აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ მერია თანხის აუთვისებლობას სატენდერო პროცედურის გაჭიანურებით ხსნის. EBRD-ის აუთვისებელი სესხი დედაქალაქს ამ ორ წელიწადში 396 000 ლარი დაუჯდა.

არცერთი ლარი არ დახარჯულა 2018-სა და 2020 წლებში ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტზე, რომელსაც ასევე EBRD-ი აფინანსებდა. ამ პროექტის განუხორციელებლობა ბიუჯეტს ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა.

ელექტროგადამცემი ქსელები

2021 წელს ბიუჯეტში 6,7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის ელექტროგადამცემი ხაზისთვის. ამ თანხიდან სახელმწიფომ მხოლოდ 0,1 მილიონი ლარი აითვისა და 1 115 000 ლარი გადაიხადა ვალდებულების დარღვევისთვის. ამავე პროექტისთვის 2017 წელს 3 180 000 ლარი იყო გამოყოფილი და ამ თანხიდან არც ერთი თეთრი არ გამოუყენებია სახელმწიფოს, რის გამოც 198 000 ლარის გადახდა მოუწია.

ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როცა ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებისთვის გამოყოფილი თანხები მთავრობამ ვერ გამოიყენა:

  • 2016 წელს საქართველომ 142 787 ლარი გადაიხადა იმაში, რომ ვერ დახარჯა ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებისთვის პროგრამისთვის KFW-ს მიერ გამოყოფილი სესხი;
  • 2017 წელს გურიის ელექტროხაზების ინფრასტრუქტურა უნდა გაძლიერებულიყო, რაც არ მოხდა. 900 000 ლარიდან ხელისუფლებამ ნული თეთრი დახარჯა;
  • 2018 წელს სესხის მხოლოდ 52% დაიხარჯა ქვეყნის ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებაზე. სახელმწიფოს შეუსრულებელი ვალდებულება 1 011 000 ლარი დაუჯდა. იგივე პროექტი კიდევ უფრო პრობლემური გახდა 2020 წელს, როცა თანხის ათვისების მაჩვენებელი 50%-მდე ჩამოვიდა, ვალდებულების გადასახადი კი 1 221 000 ლარამდე გაიზარდა.
  • 2019 წელს საქართველოს საჯარო შენობებზე ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროები და სისტემები უნდა მოეწყოთ მათი ენერგოეფექტურობის გასაზრდელად. წლის ბოლოს ამ პროექტისთვის გამოყოფილი თანხის მხოლოდ 32% დაიხარჯა, ბიუჯეტიდან კი 42 000 ლარი დაიხარჯა იმაში რომ სახელმწიფომ გამოყოფილი ფული ვერ მოიხმარა.

პროექტები ბიუჯეტის ნულოვანი ათვისებით

გარდა იმ პროექტებისა, რომლებსაც საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა ქონდა და რომლებიც ნაწილობრივ სრულდება, არსებობს არაერთი პროექტი, რომელიც არც კი დაწყებულა. ასეთი პროექტები საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ ტვირთად აწვება, მასზე დაკისრებული ვალდებულების გადასახადის გამო.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share