ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მენშევიკი და ბოევიკი, ზომლეთელი ვლასა მგელაძე წერდა: ,,…ნიგოითი, ლანჩხუთი, ჩიბათ-ჯუმათი, ლესა, სუფსა, ნატანები. ეს სოფლებ-ქალაქები ზოლად ჩასდევს ნიგოითის ქედს, საიდანაც ზურგი გამაგრებული აქვთ. წინ რიონის გაშლილი მდებარეობა, რომლის მდაბლობი, ქვიშიანი ნაპირები, კარგი მოსავლიანია.
…აქ რიონი ისე დინჯად მიედინება, თითქო არც კი მოძრაობსო. სურებისა და ბახმაროს მთის კალთების მაგიერ, დადობილი ტყე, ჭაობი, მოჩხრიალე მდინარის მაგიერ ჭოლიპა, რომელშიაც მხტომარე კალმახის მაგიერ კობრი ყავარივით დაფარფატებს. გორებზე, მთის კალთებზე კრიამპო ხრამების მაგიერ დიდი ფართო შარა გზაა, რომელზედაც ხარკამეჩიან ურემს იმდენი ტვირთი მიაქვს რამდენსაც მთელი სურების მცხოვრებნი ერთ კვირას ვერ ჩამოზიდავენ მათი მთებიდან ზურგით. აქაური გურულები უფრო დინჯი ხასიათის არიან. დალაგებულნი, დიდ შრომას და დიდი ნაყოფის მიღებას ჩვეულნი, მთელ მათ არსება ანსხვავებს შიდა გურიის მცხოვრებთაგან. ამათ გურია-სამეგრელოსა და იმერეთს შუა საშუალო ადგილი უკავიათ. ამათი ხასიათი უფრო გამძლეა, ღონიერი, მოფიქრებული და გაშლილ მდებარეობასავით შორს გამსჭვრეტი. ამათ არ ეჩქარებათ, – როგორც ბუნება ისეთი შვილები”.
გაუმარჯოს გურიას! როცა ნაღდი გურული საუბრობს, ფონად წაუმძღვარე მუსიკა და სიმღერაც მზადაა…