შემცირდება თუ არა უახლოეს პერიოდში საწვავზე ფასები – განმარტება

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირებისა და ლარის გამყარების ფონზე საქართველოში საცალო ქსელებში საწვავზე ფასი მცირედით შემცირდა. თუმცა, როგორც ნავთობიმპორტორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განმარტა, ფასების კლების ტენდენცია გრძელდება და უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი.

„ფასები შემცირება ფაქტობრივად საცალო ქსელში უკვე დაწყებულია. კერძოდ, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე აგვისტოს პირველ რიცხვებში დიზელის საწვავზე ფასი საშუალოდ 5-10 თეთრით შემცირდა. არაბრენდირებულ სადგურებზე ბენზინის საწვავზე 10-თეთრიანი შემცირება დაფიქსირდა. კერძოდ „რეგულარის“ ტიპის საწვავი 3-3.05 ლარი ღირს. დიზელის საწვავზეც ფასი 10-15-20 თეთრით შემცირებულია.

მიმდინარე ეტაპზე ნავთობის ფასები, შეიძლება ითქვას, ომამდელ ფასებს დაუბრუნდა. რაც შეეხება უშუალოდ ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასს პლატცის მიხედვით, აქ ასეთი მოცემულობა გვქონდა: მაგალითად, ივლისის თვეში ფასები ძალიან მაღალი – ისტორიულად ერთ-ერთ მაღალ მაჩვენებელზე იყო. კერძოდ, 1 ტონა ბენზინის და ასევე დიზელის საშუალო შეწონილი ფასი 1300 დოლარის ფარგლებში იყო. ივლისის დასაწყისიდან კი ფასების შემცირება შეინიშნებოდა. განსაკუთრებით მკვეთრი შემცირება 10 ივლისის შემდეგ დაიწყო. დღემდე, ბოლო 20-25 დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ნავთობის ფასების შემცირების კვალდაკვალ, ფასები აქაც მცირდება. თუმცა, უახლოეს პერიოდში ფასების შემცირება აუცილებლად გაგრძელდება. ეს შეეხება ყველა სახის საწვავს და როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება დიზელის საწვავის ფასს, რომელზეც ხშირად ისმოდა კითხვა, თუ რატომ ღირდა ის ძვირი, მთვრალაშვილი შემდეგ განმარტებას აკეთებს:

„ბოლო თვენახევრის ჭრილს თუ განვიხილავთ, იყო სერიოზული დეფიციტი. კერძოდ, აზერბაიჯანიდან პროდუქტი ვერ შემოდიოდა. თუმცა, მიმდინარე ეტაპზე, როდესაც პროდუქტის საერთაშორისო ფასი დაეცა, უკვე აქტიურად დაიწო თურქმენეთიდან დიზელის საწვავის იმპორტი, ალბათ ევროკავშირის ქვეყნებიდანაც მოხდება იმპორტი. შესაბამისად, ამ პროდუქციით ბაზრის გადაჯერება ხდება, რაც თავისთავად ამ პროდუქტზე ფასების მნიშვნელოვან კლებას გამოიწვევს“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

მისივე თქმით, ფასების დაწევას ხელს უწყობს ლარის გამყარებაც. თუმცა კლება სადამდე გაგრძელდება, ამის პროგნოზირება რთულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share