გენერალური პროკურატურის ცნობით, პირი, რომელმაც მცხეთის სასამართლოში პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ისროლა, მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომდ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
შემთხვევა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 9 მაისს მოხდა, როცა სასამართლო პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავდა.
“მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სხდომის დარბაზში ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ისროლა”, – წერს პროკურატურა.
აღნიშნულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით).
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.