ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთით გაჩენილი ხანძრები აფხაზეთის ცენტრალური ნაწილისკენ მოიწევს – ხანძრის კერებმა ეშერაშიც იჩინა თავის – ამ დროისთვის ხანძარია ქვემო ეშერაში. ეშერიდან სოხუმამდე 13 კილომეტრია.
რაც შეეხება გაგრას, ოკუპირებული ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცების მიუხედავად, რომ თითქოს ხანძრის კერები ლოკალიზებულია, ქალაქში ამ დრომდე არსებობს მასობრივად ცეცხლის მოდების საფრთხე. გაგრაში ყველაზე ცნობილი ადგილის რესტორან გაგრის შემოგარენი ცეცხლის ალშია გახვეული.
ამ დროს კი ადგილზე რუსული და ადგილობრივი კომპანიები ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებული.
“ჩერნომორენერგო”, რომელიც რუსული კომპანიის წარმომადგენელია აფხაზეთში, აცხადებს, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ხანძრებია, რომლებიც თითქმის მთელი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე მძვინვარებს.
ამ დროს კი აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო აცხადებს, რომ ტყეებში გაჩენილი ხანძრები, უმეტესწილად, მოკლე ჩართვითაა გამოწვეული.
ხანძრების ჩაქრობასაც ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ამავდროულად, მოსკოვიდან მართული დე ფაქტო ხელისუფლება თბილისის დახმარებაზე ისევ უარს ამბობს.