საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმით, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი წაახალისა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაციას წარმოადგენს.
“ერთი მხრივ, ამ გადაწყვეტილებით რადიკალური ოპოზიციის წახალისება არ არის სწორი. მეორე მხრივ, მოქმედი თავმჯდომარის კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და მათ შორის, მიუკერძოებლობის მიმართაც საერთოდ ვერავინ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი. ოპოზიცია უბრალოდ, პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებდა და ამ კანდიდატის ჩაგდებას ცდილობდა და მისი არ წარმოდგენით, პროფესიული ნიშნით გამორჩეული ადამიანის, ეს კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია გახლავთ. აქედან გამომდინარე, მე ძალიან ვწუხვარ, რომ ის კანდიდატად წარმოდგენილი არ იქნა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარედგინა.