ჯო ბაიდენის გუნდის პირველი პირდაპირი მოწოდება ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის უკვე გაგზავნილია. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 კვირაში დემოკრატმა გრეგორი მიკსმა დაუფარავად თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში სამართლიანი არჩევნების და პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინშია.
ამერიკულმა საზოგადოებამ უკვე გააკეთა არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ. ახლა მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მეგობარ ქვეყანაში – საქართველოში ელოდება დემოკრატიის გამარჯვებას და ისეთ არჩევნებს,რომელიც ხალხის ნების ამსახველი იქნება.
სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება რომ დემოკრატიული ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამაზე ამერიკელი პოლიტიკოსები ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ. მათ შორისაა სენატორი ჯინ შაჰინიც.
6 ნოემბრის ღამეს, მაშინ როცა ამერიკის მთავარი პოლიტიკური ინსტიტუცია კაპიტოლიუმის შენობა ტრამპის მხარდამჭერებს ჰქონდათ პარალიზებული, დემოკრატმა სენატორმა 2012 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება გაიხსენა როგორც მაგალითი, რომ დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი არა ძალაუფლების მოპოვება, არამედ მისი მშვიდობიანად გადაცემაა. დათმობს თუ არა ასევე მშვიდობიანად ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ძალაუფლებას, ეს ქართველ საზოგადოებაზე და საერთაშორისო წნეხზეა დამოკიდებული, ამბობენ ოპოზიციაში.
ქართული ოცნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაჟღერებულ მკაფიო გზავნილებს არასერიოზულად ეკიდება რაც საბოლოოდ ივანიშვილის გუნდს მძიმე პოლიტიკური ფასი დაუჯდება – ფიქრობენ ანალიტიკოსები და ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მოწოდებები უფრო და უფრო მწვავე და პირდაპირი იქნება.
ბიძინა ივანიშვილის პარტია ქვეყნის მთავარი მოკავშირის პასუხად დუმილის უფლებას იყენებს. „ქართული ოცნების“ არც ერთი ლიდერი დღეს კამერებთან არ გამოჩენილა.